პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალის“ წარმომადგენლები ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდნენ
პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალის“ წარმომადგენლები ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდნენ.
როგორც „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, კონგრესმენებს ესაუბრნენ რეფორმებზე, რაც საქართველოს სჭირდება, არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებსა და პოლარიზებულ გარემოზე.
ვაშაძის თქმით, კონგრესმენებს ასევე გააცნეს პოლიტიკური პლატფორმის დაფუძნების იდეა.
„შევხვდით ამერიკელ კონგრესმენებს, ვისაუბრეთ იმ მძიმე ვითარებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, რეფორმებზე, რომელიც საქართველოს სჭირდება, არჩევნებზე, რომელიც არის მნიშვნელოვანი საქართველოს დასავლური არჩევანისთვის და რაც მთავარია იმ პოლარიზებულ გარემოზე, რომელიც უნდა დასრულდეს. ასევე ვისაუბრეთ „მესამე ძალის“ იდეაზე, რომელიც მნიშვნელოვანია, რათა გავარღვიოთ ეს ორპოლუსიანი მოჯადოებული წრე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ამასთან, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ „მესამე ძალის“ წარმომადგენლებმა ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრა ცალკე ფორმატში ითხოვეს, რაც მისი თქმით, ორპოლუსიანი წრის გარღვევას გულისხმობს.
„ჩვენ „მესამე ძალამ“ ცალკე ვითხოვეთ შეხვედრა მათთან, რადგან ცალკე ვპოზიციონირდებით და გვსურს, რომ ეს ორპოლუსიანი მოჯადოებული წრე გავარღვიოთ“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.