გიორგი ვაშაძემ ახალი პოლიტიკური პლატფორმის „მესამე ძალის“ პრეზენტაცია გამართა
პოლიტიკური პლატფორმის „მესამე ძალის“ პრეზენტაცია გაიმართა, რა დროსაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ამ გაერთიანების წევრები წარადგინა.
გიორგი ვაშაძის თქმით, „მესამე ძალის“ ფორმირება დაიწყეს და გუნდის წევრები არიან: გრიგოლ ვაშაძე („ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე), ხათუნა სამნიძე (რესპუბლიკური პარტია), თამარ კეკენაძე („თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე), რეზო კემულარია, ვახტანგ იაშვილი, ოთარ ბაღათურია, პაატა ჩიქოვანი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები: სერგო ჩიხლაძე, თეონა აქუბარდია, პაატა მანჯგალაძე, დავით სეკვავა, თეონა ჭალიძე, ნანა ტოხვაძე.
„ეს არის მხოლოდ გუნდის ნაწილი, შეზღუდვებიდან გამომდინარე ვისი წარმოდგენაც შევძელით დღეს აქ. ნამდვილად ის დროა, დავამთავროთ ორპოლუსიანობა, გავაკეთოთ ახალი არჩევანი, შემოხაზეთ ნომერი ერთი, აირჩიეთ „მესამე ძალა“ და მოვუტანოთ გამარჯვება მთელი საქართველოს მასშტაბით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ამასთან, ვაშაძემ ისაუბრა, თუ რატომ გადაწყვიტეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდთან ერთად „მესამე ძალის“ ჩამოყალიბება.
„დღეს ქვეყანაში უმძიმესი ვითარებაა, ერთი მხრივ ეკონომიკური კრიზისი, უმუშევრობა, დაბალი შემოსავლები, ფასების ზრდა, და მეორე მხრივ კოვიდპანდემია, რომელიც ყველას შეგვეხო. ამ ყველაფერს კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ არსად არ მიდის პოლიტიკური პოლარიზება, დაპირისპირება, შუღლი, გაუტანლობა, ერთმანეთის ლანძღვა-გინება, სამწუხაროდ, ეს იქცა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად და ადამიანის, ხალხის ხმა, თქვენს საჭიროებებზე საუბარი ფაქტობრივად საერთოდ გაქრა პოლიტიკური პროცესიდან. სწორედ ამიტომ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდთან ერთად, ჩვენ გადავწყვიტეთ, ჩამოგვეყალიბებინა პლატფორმა „მესამე ძალა“, რომელიც გააერთიანებს როგორც პოლიტიკურ, ასევე საზოგადოებრივ, სხვადასხვა ტიპის პროფესიონალ ადამიანებს, რომლებიც ადამიანს, მის პრობლემებს, გაჭირვებას დააბრუნებენ ყოველდღიურ პროცესში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.