„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ხელმძღვანელი გახდება
„პოლიტიკოს“ ცნობით, იენს სტოლტენბერგი, რომელიც ტოვებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის პოსტს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ხელმძღვანელი გახდება.
მოსალოდნელია, რომ სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის თანამდებობას 2025 წლის თებერვალში დაიკავებს. უსაფრთხოების ფორუმის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა, კრისტოფ ჰოისგენმა ეს პოზიცია 2022 წელს დაიკავა.
ამასთან, ვოლფგანგ იშინგერი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფონდის საბჭოს პრეზიდენტი, თავის პოზიციას შეინარჩუნებს.
ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იენს სტოლტენბერგი ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს. პირველი ოქტომბრიდან მას ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე შეცვლის.