„პოლიტიკო“ - აშშ-ის მიერ ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების ერთ-ერთი კრიტერიუმი რელიგიური უმცირესობების დაცვა იქნება
„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სხვა ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის დროს შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი რელიგიური უმცირესობების დაცვა იქნება.
როგორც გავლენიანი ამერიკული გამოცემა იუწყება, შესაბამისი პროექტი ჯერ განხილვის ეტაპზეა. თუმცა, თუ მიიღეს, აშშ-ის დახმარების გარეშე ვაშინგტონის ბევრი მოკავშირე დარჩება.
როგორც ვარაუდობენ, ამა თუ იმ სახელმწიფოში რელიგიური უმცირესობების მდგომარეობას ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფისას გაითვალისწინებენ. თუმცა, არ არის გამორიცხული, მომავალში ეს კრიტერიუმი სამხედრო დახმარების გაცემის დროსაც იყოს განმსაზღვრელი.
როგორც „პოლიტიკო“ აღნიშნავს, შესაბამის დადგენილებაზე თეთრი სახლი, სახელმწიფო დეპარტამენტი და ვიცე პრეზიდენტის აპარატი მუშაობენ.
აღნიშნული ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, აშშ-ის ფინანსური დახმარების მიმღები ქვეყნების ნუსხა შეიცვლება.
ცალკეულ ქვეყნებში რელიგიური უმცირესობებისადმი დამოკიდებულების შესაფასებლად დაგეგმილია საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიის მიერ შედგენილი ანგარიშის გამოყენება. კომისიის შეფასებით კი, „განსაკუთრებით შემაშფოთებელია სიტუაცია“ მაგალითისთვის ვაშინგტონის მოკავშირე საუდის არაბეთში, ასევე ირანში, ვიეტნამში, ეგვიპტეში, ინდოეთში, ერაყში, ჩინეთში და თურქეთშია.
შესაბამისად, ამ ქვეყნებმა შესაძლოა, ვერ მიიღონ აშშ-ის დახმარება.
როგორც „პოლიტიკო“ აღნიშნავს, დადგენილების პროექტს აშშ-ის პრეზიდენტი ჯერ არ გასცნობია.