„პოლიტიკოს“ ცნობით, რუსული ნავთობი ევროკავშირში თურქეთის გავლით შედის
გავლენიანი გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში დიდი რაოდენობით რუსული ნავთობი თურქეთის გავლით ხვდება.
სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსული ნავთობი ევროპის ქვეყნებში სრულიად კანონიერი გზით ხვდება, რადგანაც ევროკავშირის სანქციები არ კრძალავს ევროპაში „შერეული“ ნავთობის შეტანას, თუ მას არ აქვს მარკირება, რომ ის რუსულია.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, „დემოკრატიის სწავლების ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ამ გზით 2023 წლის თებერვლიდან მოყოლებული 12 თვის განმავლობაში მხოლოდ სამი პორტიდან რუსეთმა 3 მილიარდი ევროს მოგება მიიღო.
სტატიის მიხედვით, ეს მაგალითი ცხადყოფს, რომ თურქეთი გახდა სტრატეგიული ადგილი, საიდანაც რუსული ნავთობპროდუქტების ევროპაში გადამისამართება ხდება. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ბრიუსელის სანქციების გვერდის ავლისთვის თურქეთი აქტიურად იყენებს ჯეიჰანის პორტს, რომელმაც 2023 წლის თებერვლიდან 2024 წლამდე პერიოდში 22 მილიონი ბარელი საწვავი მიიღო. აქედან 92% რუსული იყო. ეს 2022 წლის მაჩვენებელს სამჯერ აღემატება. ამავე პერიოდში ამ პორტიდან გადაზიდული ნავთობის 95% ევროკავშირში ჩადიოდა. ეს აჩენს ვარაუდს, რომ რუსული ნავთობის დიდი ნაწილი ევროკავშირში სხვა მარკირებით ხვდებოდა.
„პოლიტიკოს“ ცნობით, ანალოგიური მეთოდებით რუსული ნავთობის ევროპაში გადაზიდვა ხდება ერეგლისის და მერსინის პორტებიდანაც. გამოცემა სამივე პორტის ოპერატორ კომპანიებთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მათ კომენტარზე უარი განაცხადეს. ევროკომისიაში ასევე უარი თქვეს „პოლიტიკოს“ მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე კომენტარისაგან და განაცხადეს, რომ ევროკავშირის სანქციების აღსრულება წევრი ქვეყნების საქმეა.