„პოლიტიკო“ - ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“, რომელიც უკრაინის ნატო-ში წევრობას ეფუძნება, პრობლემას აწყდება, რადგან ალიანსის ზოგიერთი საკვანძო წევრი ამით დაინტერესებული არ არის
„პოლიტიკო“ - ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“, რომელიც უკრაინის ნატო-ში წევრობას ეფუძნება, პრობლემას აწყდება, რადგან ალიანსის ზოგიერთი საკვანძო წევრი ამით დაინტერესებული არ არის

ვაშინგტონი და ბერლინი არ ჩქარობენ უკრაინის ნატო-ში მიწვევას, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კი სურს ალიანში გაწევრიანებისთვის დაუყოვნებლივი მიწვევა, თუმცა საკვანძო ქვეყნები ამას ეწინააღმდეგებიან – ამის შესახებ სტატიას გამოცემა „პოლიტიკო“ აქვეყნებს.

გამოცემა წერს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ პრობლემას აწყდება, ვინაიდან ეფუძნება უკრაინის ნატო-ში მიწვევის მიღებას, ხოლო ალიანსის ზოგიერთი საკვანძო წევრი ამით დაინტერესებული არ არის.

„პოლიტიკო“ ეყრდნობა ოთხ ამერიკელ და ნატოელ ოფიციალურ პირსა და დიპლომატს, რომლებმაც გამოცემას უთხრეს, რომ გერმანია და აშშ არიან იმ უმსხვილეს ქვეყნებს შორის, რომლებიც არ ჩქარობენ ზელენსკის მოწოდებაზე რეაგირებას, დაუყოვნებლივ მიიწვიონ უკრაინა ნატოში.

„პოლიტიკო“ წერს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის მიწვევას მხოლოდ გერმანია და აშშ არ ბლოკავენ. ამას ასევე ეწინააღმდეგებიან უნგრეთი და სლოვაკეთი, რომელთა ამჟამინდელი პოპულისტი ლიდერები, ზოგადად, პროკრემლისტურ პოზიციას იკავებენ. მედიის ცნობით, არიან ასევე სხვა ქვეყნები, რომლებიც არ მიისწრაფვიან კიევის თხოვნაზე სწრაფი რეაგირებისკენ და ჩრდილში ყოფნას ამჯობინებენ.

როგორც „პოლიტიკოსთან“ ნატო-ს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან ბელგია, სლოვენია, ესპანეთი აშშ-სა და გერმანიის ზურგს უკან იმალებიან. კიდევე ერთმა მაღალჩინოსანმა კი გამოცემას უთხრა, რომ ზოგიერთი ქვეყანა უკრაინის ნატოში მიწვევის იდეას აბსტრაქტულად უჭერს მხარს, თუმცა როგორც კი ის განხორციელებას მიუახლოვდება, საჯაროდ შეეწინააღმდეგებიან. ამასთან, ის ოფიციალური პირები, რომლებსაც გამოცემა ესაუბრა, აღნიშნავენ, რომ არც აშშ და არც გერმანია არ გამორიცხავენ უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას.