„პოლიტიკო“ - უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესყიდვასთან დაკავშირებით საფრანგეთსა და პოლონეთს უთანხმოება აქვთ
„პოლიტიკო“ - უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესყიდვასთან დაკავშირებით საფრანგეთსა და პოლონეთს უთანხმოება აქვთ

უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესყიდვასთან დაკავშირებით საფრანგეთსა და პოლონეთს უთანხმოება აქვთ, – ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ელჩებმა ვერ მოაგვარეს დავა იმის შესახებ, თუ ვინ უნდა მიიღოს ევროკავშირის ერთობლივი კონტრაქტები უკრაინის საბრძოლო მასალის შესაძენად, მხოლოდ ადგილობრივმა კომპანიებმა თუ სხვა ფირმებმაც მსოფლიოში.

„პოლიტიკო“ წერს, რომ ევროკავშირის ელჩები ცდილობდნენ ჩიხიდან გამოსვლას უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივი შეძენის გეგმის განხორციელების თაობაზე.

იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ევროკავშირის ქვეყნები გაერთიანდებიან და გამოყოფენ ფულს, რათა დაეხმარონ კიევს მილიონამდე ჭურვის მიღებაში მომდევნო 12 თვეში. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა დაადასტურეს სქემა და დაფინანსებისთვის ორი მილიარდი ევროც კი გამოიყო, ქვეყნებს მას შემდეგ უთანხმოება შეექმნათ, თუ როგორ უნდა დახარჯონ ერთობლივი კონტრაქტებისთვის გამოყოფილი მილიარდი ევრო. მთავარი სადავო საკითხია: რამდენად შეიზღუდოს ფული ევროკავშირის მწარმოებლებისთვის და ჩართონ თუ არა კომპანიები ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა აშშ და დიდი ბრიტანეთი. საფრანგეთი ფულის ევროკავშირში დახარჯვის მომხრეა.

„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, ევროკავშირში საფრანგეთის ელჩმა თავისი პოლონელი კოლეგა დაადანაშაულა საბოლოო შეთანხმების შეფერხებაში, პოლონელმა ოფიციალურმა პირმა კი საპასუხოდ განაცხადა, რომ საფრანგეთი მიმდინარე მოლაპარაკებებს მხოლოდ ართულებს.