„პოლიტიკო“ - უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების გეგმის ფარგლებში დონალდ ტრამპი განიხილავს გარიგებას, რომლითაც ნატო უარს იტყვის აღმოსავლეთით გაფართოებაზე, კერძოდ, უკრაინასა და საქართველოზე
უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების გეგმის ფარგლებში დონალდ ტრამპი განიხილავს გარიგებას, რომლითაც ნატო უარს იტყვის აღმოსავლეთით გაფართოებაზე, კერძოდ, უკრაინასა და საქართველოზე, ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ორ ექსპერტზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებსაც დონალდ ტრამპთან აქვს კავშირი.
ამასთან, როგორც გამოცემა წერს, ტრამპი მოლაპარაკებებს გამართავს ვლადიმერ პუტინთან იმასთან დაკავშირებით, უკრაინის ტერიტორიის რომელი ნაწილი შეუძლია დაიტოვოს რუსეთმა.
გარდა ამისა, „პოლიტიკო“ თავდაცვის საკითხების ექსპერტ დენ კოლდუელზე დაყრდნობით წერს – ყოფილი რესპუბლიკელი პრეზიდენტი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ელოდება, რომ ევროპული ქვეყნები მკვეთრად გაზრდიან ნატო-ს ფარგლებში თავდაცვის ხარჯებს, ასევე, გეგმავს ნატო-ს „რადიკალურ გადაორიენტირებას“. დონალდ ტრამპს არაერთხელ გამოუთქვამს მუქარა, რომ აშშ-ს ნატო-დან გაიყვანს.
„დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და თავდაცვის ექსპერტების თანახმად, რომლებიც, სავარაუდოდ, იმუშავებენ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს, ნაკლებად მოსალოდნელია, ტრამპმა ნატო სრულად დატოვოს, თუმცა ფორმალურად ორგანიზაციას თუ არ დატოვებს, ეს არ ნიშნავს, რომ ნატო ტრამპის მეორე ვადას ხელუხლებელი გადაურჩება“, – წერს გამოცემა.
ყოფილი მაღალჩინოსნები და ექსპერტები, რომლებიც ღიად ან ანონიმურობის პირობით ესაუბრნენ მედიასაშუალებას, ჩართული არიან ტრამპის გუნდის შიგნით მიმდინარე დისკუსიაში, თუ რამდენად ძლიერად უნდა უბიძგონ ევროპულ ქვეყნებს უსაფრთხოების ისეთი არქიტექტურისკენ, რომელიც უფრო მეტად მოეწონება დონალდ ტრამპს.
როგორც მაღალჩინოსნები აღნიშნავენ, ტრამპის მეორე ვადის დროს აშშ შეინარჩუნებს თავის ბირთვულ ქოლგას ევროპის თავზე გერმანიაში, ინგლისსა და თურქეთში თავისი ავიაციისა და ბაზების, ასევე სამხედრო-საზღვაო ძალების შენარჩუნებით. ამავდროულად, ქვეითი ჯარის, ჯავშანტექნიკის, ლოგისტიკისა და არტილერიის დიდი ნაწილი ამერიკელებისგან ევროპელების ხელში გადავა.
თავდაცვის საკითხების ექსპერტის, დენ კოლდუელის თქმით, ტრამპის გუნდის მხრიდან მოსალოდნელი ცვლილებები მოიცავს ევროპაში უსაფრთხოების სფეროში ამერიკის როლის მნიშვნელოვნად შემცირებას.
ამასთან, „პოლიტიკოს“ ცნობით, ტრამპის გეგმის კიდევ ერთი ნაწილია ნატო-ს ორდონიანი სისტემა. ეს იდეა თავდაპირველად წარადგინა ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა კიტ კელოგმა. ინიციატივის თანახმად, ნატო-ს ის წევრი ქვეყნები, რომლებიც არ ხარჯავენ თავდაცვაზე მშპ-ის, სულ მცირე, 2%-ს, ვერ ისარგებლებენ აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიებით და შესაძლოა, განხილული იყოს, როგორც ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლის დარღვევა.