„პოლიტიკო“ - უკრაინის განცხადება, რომ ნატო-ში დაჩქარებული წესით შესვლა სურს, ბაიდენის ადმინისტრაციისთვის მოულოდნელი იყო
უკრაინის განცხადება, რომ ნატო-ში დაჩქარებული წესით შესვლა სურს, ბაიდენის ადმინისტრაციისთვის მოულოდნელი იყო, – ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, უკრაინის ნატო-ში დაჩქარებულ გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ, რომელმაც ინიციატივის მკაფიოდ მხარდაჭერაზე უარი თქვა, მაგრამ აღნიშნა, რომ მხარს უჭერს კიევის „უსაფრთხოების გარანტიას“.
გამოცემის თანახმად, დასავლეთი შიშობს, რომ უკრაინის დაუყოვნებლივ შესვლა ნატო-ში, რაც მოითხოვს 30-ვე წევრი ქვეყნის თანხმობას, აშშ-სა და რუსეთის ომს გამოიწვევს უკრაინაში მოსკოვის შეჭრის და ასევე მისი იძულებითი ანექსიების გამო.
გამოცემა წერს, რომ ვაშინგტონში იმყოფება უკრაინის პარლამენტარების ჯგუფი, მათ შორის დავით არახამია, რომელიც ამბობს, რომ უკრაინა მზად არის რუსეთთან სასაუბროდ, მაგრამ არა პუტინთან.
უკრაინას ნატო-ში დაჩქარებულად გაწევრიანებაზე განაცხადი შეაქვს. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინამ იცის, რომ ნატო-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანება შესაძლებელია, რადგან ეს უკვე იხილა ფინეთისა და შვედეთის შემთხვევაში, რომლებმაც ალიანსში გაწევრიანება MAP-ის გარეშე მიმდინარე წელს დაიწყეს.