„პოლიტიკო“ - უკრაინას სურს, რომ ევროკავშირის ახალმა მიგრაციულმა წესებმა უკრაინელების სამშობლოში დაბრუნება წაახალისოს
უკრაინა ევროკავშირის წარმომადგენლებთან წინასწარ მოლაპარაკებებს აწარმოებს ბლოკის შიგნით ისეთი მიგრაციული წესების დადგენასთან დაკავშირებით, რომლებიც უზრუნველყოფდა მომავალ წელს სამშობლოში მეტი უკრაინელის დაბრუნებას. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ ორ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოქალაქეების დაბრუნება ხელს შეუწყობდა უკრაინის ეკონომიკას, მაშინ როდესაც მიმდინარე ომი რესურსებზე დიდ ზეწოლას ახდენს.
უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ მილიონობით უკრაინელი ლტოლვილი გადავიდა ევროკავშირში, სადაც დროებითი დაცვის დირექტივა ვრცელდება ყველა უკრაინელზე. 2023 წლის ნოემბრის მონაცემებით, აღნიშნული დირექტივით სარგებლობს 4,2 მილიონი უკრაინელი. მისი მოქმედების ვადა 2025 წლის მარტში იწურება.
ხალხის უკან დაბრუნების წასახალისებლად, უკრაინა წინასწარ მოლაპარაკებებს მართავს იმის განსასაზღვრად, თუ როგორი იქნება ევროკავშირის წესები უკრაინელებისთვის 2025 წლის მარტის შემდეგ, განსაკუთრებით, თუკი ევროკავშირი საკუთარ თავზე აიღებს ომის დასრულებამდე უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერის ვალდებულებას.
დეკემბერში სამხედრო მეთაურებმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის აცნობეს, რომ არმიას სჭირდება საბრძოლო ასაკის 500 ათასი მამაკაცის მობილიზება ზაფხულის წარუმატებელი კონტრშეტევის ფონზე. საომარი მდგომარეობის დროს 18-დან 60 წლამდე უკრაინელ მამაკაცებს ეკრძალებათ ქვეყნის დატოვება, თუმცა, ევროსტატის მონაცემებით, ევროპაში უკრაინელი ლტოლვილების 18 პროცენტი 18-დან 65 წლამდე მამაკაცია.
ზელენსკის ოფისის მრჩეველმა, სერგეი ლეშენკომ შვეიცარიულ გამოცემასთან გასულ კვირას ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყნებმა უნდა შეწყვიტონ ლტოლვილების მხარდაჭერა, რათა მათ სამშობლოში დაბრუნება შეძლონ. მოგვიანებით, „პოლიტიკოსთან“ საუბრისას ლეშენკომ თქვა, რომ პირად მოსაზრებას გამოთქვამდა და არა – პრეზიდენტის პოლიტიკას.
„თუმცა, ვფიქრობ, ჩემი ფიქრები ასახავს მრავალი უკრაინელის მოსაზრებას, ვინც ახლა უკრაინაში ცხოვრობს, ასევე, მრავალი სახელმწიფო მოხელის, რომლებიც თანაუგრძნობენ უკრაინის ეკონომიკურ სტაბილურობას“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ არაფერი იცის ევროკავშირთან დროებითი დაცვის მექანიზმთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შესახებ.
როგორც „პოლიტიკო“ აღნიშნავს, კიევის მხრიდან არ ყოფილა ევროკავშირისადმი ფორმალური მოთხოვნა, წაახალისოს ლტოლვილების დაბრუნება, თუმცა ევროპელი დიპლომატები გამოცემასთან ამბობენ, რომ უკრაინის მხრიდან იყო გარკვეული ზეწოლა, რათა გამკაცრდეს სამომავლო წესები ხალხის უკან დასაბრუნებლად. ერთ-ერთმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ მოცემული მომენტისთვის ეს არ არის კონკრეტული თხოვნა უკრაინის მთავრობისგან, არამედ უფრო გაცნობითი ხასიათისაა.
ევროკავშირის მინისტრები დღეს განიხილავენ მილიონობით უკრაინელი თავშესაფრის მაძიებლის საკითხს. თუკი ბლოკი გადაწყვეტს, რომ უკრაინელ ლტოლვილებს მისცენ დარჩენის უფლება ომის დასრულებამდე, საბჭოს შეუძლია, დაავალოს ევროკომისიას, შეიმუშაოს ახალი სისტემა. ევროკავშირმა უკრაინელი ლტოლვილების დროებითი დაცვის მექანიზმი უკვე ორჯერ გაახანგრძლივა.
ევროკომისიაში აღნიშნავენ, რომ ევროკავშირი მზად არის, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, მხარი დაუჭიროს უკრაინას და ყველა იმ ადამიანს, ვინც გაურბის რუსულ ბომბებს.