„პოლიტიკო“ - უკრაინას ომის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, კიდევ ერთი მაიდანი დაემუქროს
უკრაინას ომის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, კიდევ ერთი მაიდანი დაემუქროს, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „პოლიტიკო“. სტატიის თანახმად, ომის მიმდინარეობისას უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მაღალი რეიტინგი აქვს, მაგრამ დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ რეიტინგი შემცირდება, როგორც კი ეგზისტენციალური საფრთხე გაქრება.
სტატიაში აღნიშნულია, რომ, სამწუხაროდ, ზელენსკიმ ვერ შეძლო სატელევიზიო „ხალხის პრეზიდენტის“ როლის შესრულება რეალურ ცხოვრებაში და მისი მხარდაჭერა ერთ მომენტში დაეცა მხოლოდ 11 პროცენტამდე, მას შემდეგ, რაც გაათავისუფლეს რეფორმებისკენ განწყობილი პრემიერ-მინისტრი, მთავრობა კი მისი მეგობრებით და ყოფილი ბიზნესპარტნიორებით შეივსო.
„სამაგიეროდ, უკრაინის პრეზიდენტს ადანაშაულებდნენ, რომ გახდა უფრო ავტოკრატიული და არღვევდა კანონებს პრეზიდენტის ბრძანებულებების გამოცემით მტრების სანქცირების მიზნით და ეს ყველაფერი რუსულ აგრესიასთან ბრძოლის სახელით ხდებოდა; ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით, ასევე პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. რუსეთის შეჭრამდე ოთხი თვით ადრე ზელენსკი და მისი ორი ახლო თანამოაზრე ასევე მონაწილეობდნენ ოფშორულ ფინანსურ საქმიანობაში“, – წერს „პოლიტიკო“.
სტატიის თანახმად, მას შემდეგ, რაც იარაღი გაჩუმდება, გაჩნდება კითხვები ომის დაწყებამდე მოვლენებთან დაკავშირებით, თუ რატომ უგულებელყო ზელენსკიმ დასავლეთის დაზვერვის აშკარა გაფრთხილებები რუსეთის შეჭრის დიდი ალბათობის შესახებ და რატომ ვერ დააყენა უკრაინა საომარ გზაზე ბევრად ადრე.
ოპოზიციური პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები, რომლებსაც „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუ ჰქონდათ, აცხადებენ, რომ „ზელენსკი იქნება იარაღის ქვეშ იმის გამო, თუ როგორ მართავდნენ ის და მისი გუნდი ქვეყანას ომის დროს, რომლებიც ერთი დომინანტური პარტიით მართული დემოკრატიის დაფუძნებას ცდილობენ“.
სტატიის თანახმად, ზელენსკი იყენებს საპრეზიდენტო უფლებამოსილებას ომის დროს და საომარ მდგომარეობას მეტი ძალაუფლების მოსაპოვებლად, სატელევიზიო მედიის გასაკონტროლებლად, პარლამენტის გვერდის ავლით და საკანონმდებლო ზედამხედველობის უგულებელყოფისთვის, თუ როგორ ხდება მთავრობის სახსრების გაცემა და ვისზე.
„ჩვენ არ გვინახავს საკმარისად მნიშვნელოვანი ძალისხმევა კორუფციის წინააღმდეგ, თუმცა, შესაძლოა, ერთი მნიშვნელოვანი გამონაკლისის გარდა. ვფიქრობ, ისინი ნამდვილად ცდილობენ, თავიდან აიცილონ დასავლური ნებისმიერი მასიური დახმარების გადამისამართება. მე მჯერა, რომ მათ ესმით რისკები, თუ დიდი სკანდალი იქნება. ერთი მხრივ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები ნამდვილად აფასებენ ზელენსკის, როგორც ომის ლიდერის ძალას, მაგრამ ასევე ღრმად არიან შეშფოთებულნი კორუფციით და მისი ავტორიტარული სტილით“, – ციტირებს „პოლიტიკო“ ყოფილ ამერიკელ დიპლომატს, რომელსაც აქვს უკრაინაში მუშაობის გამოცდილება.