„პოლიტიკო“ - უკრაინა აპირებს, შეწყვიტოს რუსული გაზის ტრანზიტი ევროპაში
უკრაინა აპირებს, შეწყვიტოს რუსული გაზის ტრანზიტი ევროპაში, – ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკოსთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშენკომ განაცხადა.
„პოლიტიკოს“ ცნობით, რუსული გაზის ტრანზიტის შესახებ შეთანხმების ვადა 2024 წლის ბოლოს იწურება. ეს ხელშეკრულება საშუალებას აძლევს რუსულ „გაზპრომს“, უკრაინის გავლით წელიწადში 40 მილიონ კუბურ მეტრზე მეტი ბუნებრივი აირის ტრანზიტი განახორციელოს. უკრაინა კი, ტრანზიტის სანაცვლოდ, წელიწადში შვიდ მილიარდ დოლარს იღებს. „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, თუ ეს ტრანზიტი შეჩერდება, ბუნებრივი აირის დეფიციტი შეექმნება ავსტრიას, სლოვაკეთსა და უნგრეთს, რომლებიც ამ დრომდე იღებენ რუსულ გაზს უკრაინის გავლით.
„მჯერა, 2024 წლის იანვარში ევროპას რუსული გაზი საერთოდ აღარ დასჭირდება. დღეს რუსული გაზის შესყიდვისაგან მიღებული შემოსავლები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს თუ აფინანსებს და „გაზპრომის“ კერძო არმიას ხმარდება, ერთადერთი, რისი გადახდაც მათ მომავალში მოუწევთ, არის რეპარაციები“, – განაცხადა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა „პოლიტიკოსთან“ საუბრისას.
მისივე თქმით, ომის გამო ორმხრივი მოლაპარაკებები შეუძლებელია.
რუსული გაზის უკრაინის გავლით ტრანზიტის შესაძლო შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა „გაზპრომის“ ხელმძღვანელმაც. ალექსეი მილერის თქმით, თუ კიევი არ შეაჩერებს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია რუსეთის სახელმწიფო აქტივების მითვისებისკენ, მაშინ კომპანია ბუნებრივი აირის ექსპორტს შეწყვეტს.