„პოლიტიკო“ - შარლ მიშელი ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, თუ ლიდერები მის შემცვლელზე სწრაფად ვერ შეთანხმდებიან, შეხვედრებს ვიქტორ ორბანი უხელმძღვანელებს
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიმდინარე წლის ივნისში ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს. ეს ნიშნავს, რომ არჩევნებში წარმატების შემთხვევაში შარლ მიშელი თანამდებობას ვადამდე დატოვებს.
ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც საბჭოს მოქმედი პრეზიდენტი პარლამენტის წევრობის კანდიდატი იქნება, რადგან შარლ მიშელი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლომდე უნდა დარჩეს, როდესაც კომისართა ახალი კოლეგია შეიქმნება.
მიშელი აპირებს, არჩევის შემთხვევაში დაიკავოს თავისი ადგილი ევროპარლამენტში ივლისის შუა რიცხვებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის ლიდერები სწრაფად უნდა შეთანხმდნენ მის შემცვლელზე. თუ ისინი ვერ მოახერხებენ ამას, შეხვედრებს უხელმძღვანელებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომლის ქვეყანაც ივლისში დაიწყებს ევროკავშირის საბჭოს როტაციულ პრეზიდენტობას და ეს იქნება შუამავლის როლი, რომელსაც, ჩვეულებრივ, ასრულებს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი.
მიშელი არ აკონკრეტებს, ნიშნავს თუ არა მისი გადაწყვეტილება პარლამენტში კენჭისყრის შესახებ, რომ იგი დაინტერესებულია სხვა მაღალი თანამდებობით და გახდება თუ არა ევროპელი ლიბერალების წამყვანი კანდიდატი ევროკომისიის თავმჯდომარის პოსტზე.