„პოლიტიკო“ - შარლ მიშელი ცდილობს, ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის მეორე ვადით არჩევას ხელი შეუშალოს
შარლ მიშელი ცდილობს, ხელი შეუშალოს ურსულა ფონ დერ ლაიენს, მეორე ვადით დაიკავოს ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობა, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
ევროკავშირის დიპლომატები, ოფიციალური პირები და ეროვნული მთავრობების წარმომადგენლები გამოცემასთან საუბარში ადასტურებენ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის სურვილს, გაანეიტრალოს ევროკომისიის მოქმედი პრეზიდენტი მრავალწლიანი მეტოქეობის შემდეგ.
„ეს ყველას აგიჟებს, რადგან მისი თამაში ძალიან აშკარაა, ფონ დერ ლაიენის დაბრკოლება და საკუთარ მაღალ თანამდებობაზე ოცნება”, – განაცხადა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.
„პოლიტიკოს“ თანახმად, ზოგიერთი ვარაუდობს, რომ მიშელი ისწრაფვის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ჯოზეფ ბორელის შემცვლელად, რომელთანაც მას კარგი ურთიერთობა აქვს. „პოლიტიკო“ წერს, რომ შარლ მიშელის სტრატეგია იქნება სახელმწიფოს მეთაურების გამოძახება პირისპირ სასაუბროდ, ნაცვლად იმისა, რომ ყველა დამსწრესთან ერთად განიხილოს უმაღლესი პოზიციების საკითხი.
„ბევრი წევრი ქვეყანა შეშფოთებულია, რომ შარლ მიშელი არ ითამაშებს კონსტრუქციულ როლს, არამედ განახორციელებს პირადი შურისძიების დღის წესრიგს”, – განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა.
გამოცემა ასევე წერს, რომ ბრიუსელში ფონ დერ ლაიენის მმართველობისა და მისი ცენტრალიზებული ხელმძღვანელობის სტილთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული წინააღმდეგობა და მიშელს მოკავშირეებად, შესაძლოა, ფონ დერ ლაიენის მოწინააღმდეგეები ჰყავდეს.