„პოლიტიკო“ - საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი შიშობს, რომ ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაციის მისწრაფების გამო, შესაძლოა, მოკლან
საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი, მუჰამედ ბინ სალმანი შიშობს, რომ ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაციის მისწრაფების გამო მოკლავენ. ამის შესახებ პრინცმა ამერიკელ კონგრესმენებთან საუბარში განაცხადა, – წერს „პოლიტიკო“.
გამოცემა სამ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პრინცი სალმანი კვლავ აპირებს ისრაელთან კავშირების გამყარებას, თუმცა შიშობს, რომ ეს, შეიძლება, სიცოცხლის ფასად დაუჯდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, სულ მცირე, ერთხელ ახსენა ეგვიპტის პრეზიდენტის, ანვარ სადათის მკვლელობა, რომელიც ისლამისტებმა 1981 წელს მოკლეს, ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებიდან ორი წლის შემდეგ.
მოჰამედ ბინ სალმანმა თავის თანამოსაუბრეებს ჰკითხა, რა გააკეთა აშშ-მა სადათის დასაცავად სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ?
საუდის არაბეთის ხელისუფლება ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაციის პირობად პალესტინის სახელმწიფოს შექმნას ასახელებს.
ისრაელ-საუდის არაბეთის ურთიერთობის ნორმალიზაცია ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დიდი ხნის ნანატრი მიზანია. თუმცა, ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელმა არაერთხელ უარყო პალესტინის სახელმწიფოს პერსპექტივა, რითიც ნებისმიერი ასეთი გარიგება ეჭვის ქვეშ დგება. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთს სურს, „სრულიად აღიაროს ისრაელი“ ვაშინგტონის უსაფრთხოების გარანტიებისა და სამოქალაქო ბირთვული ობიექტის შექმნის სანაცვლოდ. ღაზის სექტორში ომამდე ურთიერთობის ნორმალიზება თითქოს ახლოს იყო. ისრაელის ორმა მინისტრმა 2023 წლის 7 ოქტომბერს ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე საუდის არაბეთში უპრეცედენტო საჯარო ვიზიტი მოაწყო.