„პოლიტიკო“ - საფრანგეთს სურს, რომ ბრიუსელი უფრო სერიოზულად მიუდგეს ევროკავშირის მაღალჩინოსნების ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის პრობლემების გადაჭრას
საფრანგეთს სურს, რომ ბრიუსელი უფრო სერიოზულად მიუდგეს ევროკავშირის მაღალჩინოსნების ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის პრობლემების გადაჭრას. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ წერს.
ევროპარლამენტის არჩევნების წინ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროკავშირის საკითხთა მინისტრი ლოურენს ბუნი მოუწოდებენ ევროკავშირის სხვა ქვეყნებს, მხარი დაუჭირონ დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოს შექმნის გეგმას, რომელსაც ექნება მაღალჩინოსანთა შემოსავლების შემოწმების უფლებამოსილება.
საფრანგეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ამგვარი ორგანო უფრო ეფექტიანი იქნება, ვიდრე ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ ინიციირებული ეთიკის საკითხთა „უკბილო“ ორგანო.
აღნიშნული ინიციატივა დღის წესრიგში ევროპარლამენტში ე.წ. კატარგეიტის სკანდალის შემდეგ დადგა.
„ევროკომისიის შეთავაზება დასაწყისია, თუმცა, ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია და უნდა ვიყოთ უფრო ამბიციურები. რამდენიმე კორუფციული სკანდალით გამოწვეული შოკის შემდეგ ჩვენ უნდა აღვადგინოთ მოქალაქეების ნდობა მათი ინსტიტუტებისადმი“, – განუცხადა „პოლიტიკოს“ ბუნმა.
„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, მიმდინარე წელს ევროკომისიის რამდენიმე წევრმა დაფინანსებული ვიზიტები განახორციელა, ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა კი ავიაკომპანია Qatar Airways-სგან უფასო ავიაბილეთები მიიღო, ვიდრე მისი გუნდი კატართან საავიაციო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა. კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა დეკლარაციაში არ შეიტანა კურორტ ბალიზე საკუთრებაში არსებული სასტუმრო.
პარიზში შიშობენ, რომ ბრიუსელი თვალს ხუჭავს ევროპელთა მზარდ უნდობლობასა და უკმაყოფილებაზე ევროკავშირში კორუფციასთან დაკავშირებით, რითიც სარგებლობენ რადიკალური პარტიები. ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროკომისიამ უკრაინას თანამდებობების პირების მიერ აქტივების სავალდებულო დეკლარირების შემოღება სთხოვა, თუმცა ბრიუსელი იმავე სტანდარტებს არ იყენებს თავისი მაღალჩინოსნების მიმართ.
„ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი ორგანო კონტროლის რეალური საშუალებებით, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი სკანდალები“, – განაცხადა ევროკავშირის საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა.
ბუნმა აღნიშნა, რომ ეს ორგანო, შესაძლოა, ჩამოყალიბდეს საფრანგეთში მოქმედი საჯარო ცხოვრების გამჭვირვალობის უმაღლესი ორგანოს მაგალითის მიხედვით, რომელიც საჯარო მოხელეების საბანკო ანგარიშებს, აქტივებსა და შემოსავლებს სწავლობს, რათა გამორიცხოს ინტერესთა კონფლიქტი.