„პოლიტიკო“ - საფრანგეთის პოზიციის გამო, აზიის რეგიონში ალიანსის გაფართოების საკითხმა, შესაძლოა, პროგრესს ვერ მიაღწიოს
საფრანგეთის პოზიციის გამო, აზიის რეგიონში ალიანსის გაფართოების საკითხმა შესაძლოა, პროგრესს ვერ მიაღწიოს. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
მედიის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ იაპონიაში ნატო-ს ოფისის გახსნამ, შესაძლოა, ალიანსის საქმიანობა თავდაპირველი, ჩრდილოატლანტიკური ფოკუსისგან შორს წაიყვანოს.
„ჩვენ პრინციპულად არ ვუჭერთ მხარს ამას. რაც შეეხება იაპონიაში ოფისის გახსნას, თავად იაპონიის ხელისუფლებამ გვითხრა, რომ არცთუ ისე კმაყოფილები არიან ამ ფაქტით“, – აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.
როგორც მედია წერს, ელისეის სასახლეში ამბობენ, რომ პარიზის პოზიცია უცვლელია, ნატო არის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია და კოლექტიური თავდაცვის მუხლები, რომლებიც ალიანსს ეფუძნება, არის გეოგრაფიული.
„პოლიტიკოს“ ცნობით, იაპონიაში ოფისის გახსნასთან დაკავშირებით ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნებიც გამოხატავენ შეშფოთებას, ხოლო ყველაზე ძლიერი წინააღმდეგობა საფრანგეთიდან მოდის.
შეგახსენებთ, 10 მაისს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოშიმასა ჰაიაშიმ განაცხადა, რომ ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებდა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის გახსნაზე, რომელიც პირველი ოფისი იქნებოდა აზიის რეგიონში.