„პოლიტიკო“ - საფრანგეთის ჯარები ევროპაში მტრის წინააღმდეგ მაღალი ინტენსივობის კონფლიქტისთვის ემზადებიან
საფრანგეთის ჯარები ევროპაში მტრის წინააღმდეგ მაღალი ინტენსივობის კონფლიქტისთვის ემზადებიან, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
გამოცემის თანახმად, საფრანგეთის არმიის დანაყოფები წვრთნებს ატარებენ აღმოსავლეთ საფრანგეთში განთავსებულ საბრძოლო მომზადების ცენტრში, სადაც პირობები მაქსიმალურად ახლოს არის რეალურ ბრძოლის ველთან. 120 კვადრატული კილომეტრის (პარიზზე დიდი) ფართობის ბანაკი უნიკალურია საფრანგეთში. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ფრანგული არმიის სხვადასხვა ქვედანაყოფებს – ქვეითებს, ჯავშანტექნიკას, არტილერიას და ინჟინრებს, რომლებიც ჩვეულებრივ მიმოფანტული არიან ქვეყნის მასშტაბით, შეუძლიათ, ერთად ივარჯიშონ.
ოფიცრები არ ასახელებენ პოტენციურ მტრებს, მაგრამ სწავლება მიზნად ისახავს ჯარების მომზადებას რუსეთის მსგავს მტერთან საბრძოლველად. საფრანგეთის არმიაში აცხადებენ, რომ აფრიკაში ათწლეულების განმავლობაში სამხედრო ოპერაციების შემდეგ საფრანგეთი სულ უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე.
„პოლიტიკო“ ასევე წერს, რომ, გერმანიის წინააღმდეგობის ფონზე, საფრანგეთი ქმნის ქვეყნების ალიანსს, რომლებიც ღია არიან უკრაინაში დასავლური ჯარების პოტენციურად გაგზავნისთვის. გამოცემის თანახმად, ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის დროს საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სტეფანე სეჟურნემ განაცხადა, რომ მომდევნო თვეებში არაფერია გამორიცხული.