„პოლიტიკო“ - პიტერ სიიარტო ბელარუსში დაგეგმილ უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ბელარუსში მიმდინარე კვირას დაგეგმილ ევრაზიის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
სიიარტო, რუსეთის, სირიისა და ბელარუსის წარმომადგენლებთან ერთად, მინსკის კონფერენციაზე სიტყვით 31 ოქტომბერს გამოვა.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) განცხადებით, ბელარუსში დაგეგმილი შეკრება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მეტოქედ უნდა იქნეს განხილული.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიახლოვე რუსეთსა და ბელარუსთან არ არის გასაკვირი, რადგან სიიარტო რეგულარულად სტუმრობს მოსკოვს, სანკტ-პეტერბურგსა და მინსკს, თუმცა სირიასთან შესაძლო კავშირი ურთიერთობების გაღრმავებაზე მიუთითებს.