„პოლიტიკო“ - პენტაგონში აცხადებენ, რომ აშშ ვერ ასწრებს შეიარაღების წარმოებას, მათ შორის უკრაინისა და ისრაელის სამხედრო მხარდაჭერის გამო
პენტაგონში აცხადებენ, რომ აშშ ვერ ასწრებს შეიარაღების წარმოებას, მათ შორის უკრაინისა და ისრაელის სამხედრო მხარდაჭერის გამო.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, ამის შესახებ საუბარია პენტაგონის ანგარიშში, რომელიც ჯერ არ გაუსაჯაროებიათ.
გამოცემის მიერ მოპოვებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ-ის სამხედრო მრეწველობა სიმძლავრეების დეფიციტს განიცდის და თუ ასე გაგრძელდება, მაღალტექნოლოგიური იარაღის წარმოებაში ჩინეთს კონკურენციას ვეღარ გაუწევს.
ანგარიშის თანახმად, კორონავირუსის პანდემიამ ნათელი გახადა, რომ მიწოდების ჯაჭვები დაუცველია, ხოლო რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა და „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმამ გამოავლინა „ახალი სამრეწველო საჭიროებები და შესაბამისი რისკები“, რადგანაც აშშ ცდილობს, აწარმოოს იარაღი როგორც უკრაინისთვის, ისე ისრაელისთვის.
„ცხადი გახდა, რომ სამრეწველო სიმძლავრეები და მიწოდების შესაძლებლობები წარმოადგენს ღრმად გამჯდარ პრობლემას მიწოდების ჯაჭვების ნებისმიერ დონეზე“, – ნათქვამია პროექტში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დღეს არსებული მდგომარეობით, „აშშ-ს არ აქვს შესაბამისი პოტენციალი, შესაძლებლობა, რეაგირების საშუალება და მდგრადობა, რაც საჭიროა საჭიროებების მთელი სპექტრის აუცილებელი სისწრაფით და მასშტაბებით დასაკმაყოფილებლად“.
პენტაგონის ანგარიშის პროექტში წერია, რომ აშშ მსოფლიოში საუკეთესო შეიარაღებას ქმნის, თუმცა მისი საჭირო სისწრაფით წარმოება არ შეუძლია.
„ეს შეუსაბამობა წარმოადგენს მდგრად საფრთხეს, რადგანაც აშშ-ს აქვს ვალდებულება, შეინარჩუნოს აქტიური საბრძოლო მოქმედებების წარმოების შესაძლებლობა და ამასთან ერთად, შეაკავოს დიდი და ტექნიკურად უფრო სრულყოფილი საფრთხე, რომელიც ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონიდან მოდის“, – წერია დოკუმენტში.
ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ ჩინეთის სამრეწველო შესაძლებლობები გაცილებით აღემატება არა მხოლოდ აშშ-ის, არამედ ვაშინგტონისა და მისი ევროპელი და აზიელი მოკავშირეების ერთობლივი წარმოების მოცულობას.
როგორც მედია წერს, ამ პრობლემის გადასაჭრელად აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი პირობას დებს, უფრო მდგრადი და ინოვაციური მიწოდების ჯაჭვები განავითაროს, ასევე, ინვესტიციები დააბანდოს მცირე ბიზნესში.
„ჩვენი ერი უნდა გაერთიანდეს თავდაცვის ერთობლივი მიზნის გარშემო“, – ნათქვამია პენტაგონის ანგარიშში.