„პოლიტიკო“ - ოლივერ ვარჰეიმ ევროპარლამენტარებს იდიოტები უწოდა, ევროკომისარი კი განმარტავს, რომ მისი სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი და კომენტარი სხვა დიალოგს ეკუთვნოდა
„პოლიტიკო“ - ოლივერ ვარჰეიმ ევროპარლამენტარებს იდიოტები უწოდა, ევროკომისარი კი განმარტავს, რომ მისი სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი და კომენტარი სხვა დიალოგს ეკუთვნოდა

ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ევროპარლამენტარებს იდიოტები უწოდა. დეპუტატები მის გათავისუფლებას ითხოვენ. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ წერს.

მედიასაშუალების ცნობით, 14 თებერვალს ევროპარლამენტის სესიაზე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი დასავლეთ ბალკანეთის საკითხზე კანონმდებლების კითხვებს პასუხობდა, რა დროსაც მან ჩართული მიკროფონით ევროპარლამენტარებს ჩუმად იდიოტები უწოდა.

„კიდევ რამდენი იდიოტია აქ?“ – ჩაილაპარაკა ვარჰეიმ.

აღსანიშნავია, რომ ვარჰეის მიმართ გამოძიების ჩატარებისკენ ევროკომისიას ევროპარლამენტის წევრებმა გასულ თვეში მოუწოდეს სერბი ნაციონალისტების შესახებ მისი პოზიციის გამო.

ოლივერ ვარჰეის კომენტარის შემდეგ ევროპარლამენტში მისი თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვეს და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდეს.

„ის უნდა გადადგეს“, – განუცხადა „პოლიტიკოს“ „მწვანეთა პარტიის“ წევრმა, დანიელ ფროინდმა.

ოლივერ ვარჰეიმ გავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ „გულწრფელად წუხს მის რეპლიკასთან დაკავშირებული გაუგებრობის გამო“. ევროკომისრის განმარტებით, მისი სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი, რადგან მისი კომენტარი იყო დებატების დროს გვერდით მჯდომ პირთან ცალკე დიალოგის ნაწილი.

„ის უკავშირდებოდა პირად და მიმდინარე დიალოგს უნგრულად ჩემსა და ჩემი კაბინეტის ხელმძღვანელს შორის სრულიად სხვა საკითხზე, რომელიც კონტექსტიდან ამოგლეჯილია. მე ბოდიშს ვიხდი ამასთან დაკავშირებული ნებისმიერი შესაძლო გაუგებრობის გამო. სრულად ვცემ პატივს ევროკავშირის ყველა ინსტიტუტს, მათ შორის ევროპარლამენტს და მის საპატიო წევრებს“, – განაცხადა ვარჰეიმ.

თუმცა, ვარჰეის ეს განმარტება ევროპარლამენტის წევრებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

„ვარჰეის ჰქონდა ბოდიშის მოხდის შანსი და ის მან ხელიდან გაუშვა. არ შეიძლება, რომ მან უბრალოდ უთხრას დეპუტატებს, „თქვენ არასწორად გაიგეთ“ და გააგრძელოს საქმიანობა. უნდა დადგეს შედეგები“, – განაცხადა დანიელ ფროინდმა.

აღსანიშნავია, რომ სკანდალურ რეპლიკამდე პლენარულ სესიაზე ხორვატმა მემარჯვენე-ცენტრისტმა დეპუტატმა, ტომისლავ სოკოლმა ვარჰეის ჰკითხა, რის გაკეთებას გეგმავდა ევროკომისარი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში სერბეთის ჩარევასა და რუსეთთან სერბეთის მჭიდრო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.