„პოლიტიკო“ - მასობრივი ნარკოვაჭრობის გამო ევროპაში ძალადობა უპრეცედენტოდ მაღალ დონეზეა
ევროპული სააგენტოების ცნობით, ევროპელ ნარკომოვაჭრეებს „წამების ოთახები“ აქვთ მოწყობილი და არასრულწლოვანებს ავტომატებით აიარაღებენ. ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა „პოლიტიკო“ წერს.
სტატიაში ნათქვამია, რომ მასობრივი ნარკოვაჭრობის გამო ევროპაში ძალადობა უპრეცედენტოდ მაღალ დონეზეა გაზრდილი.
„არასრულწლოვანები ერთმანეთს კალაშნიკოვის ავტომატებით ესვრიან. პორტებში კონტეინერებიდან კოკაინს მოზარდები ტვირთავენ. ჰოლანდიის ტყეში კი „წამების ოთახებია“ მოწყობილი“, – წერს „პოლიტიკო“.
გამოცემის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია ევროპოლმა და ევროპის ნარკოტიკების მონიტორინგის ცენტრმა გაავრცელეს. მათივე ანგარიშის მიხედვით, ევროპაში ნარკოვაჭრობის ბრუნვა წელიწადში 30 მილიარდ ევროს აღწევს.
კოკაინის და ექსტაზის იმპორტმა 2022 წელს რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. როგორც ევროპული სააგენტოები იუწყებიან, ძალადობის შემთხვევები კი, ძირითადად, კოკაინსა და კანაბისთან არის დაკავშირებული.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, ევროპოლს ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებების კონკრეტული სტატისტიკა არ მოუყვანია, თუმცა ევროპული ნარკოტიკების მონიტორინგის ცენტრში განაცხადეს, რომ ძალადობის დონე ევროპაში ცენტრალურ ამერიკაში არსებულ მაჩვენებლებს აღწევს.
ევროპოლის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ევროპაში „წამების ოთახები“ აღმოაჩინეს, რაც მანამდე არასდროს უნახავთ.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც ევროპული სააგენტოები ამახვილებენ ყურადღებას, ნარკომოვაჭრეების მიერ არასრულწლოვნების გადაბირებაა, რისი ტენდენციაც ევროპაში მზარდია. ევროპოლის ცნობით, მარსელში მოზარდები ხშირად ხდებიან ნარკოტიკებით მოვაჭრეები და ხშირია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით დაპირისპირების შემთხვევები.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, ნარკომოვაჭრეების პრობლემის გადასაჭრელად პოლიტიკოსებს განსხვავებული მიდგომები აქვთ. ერთი ნაწილი ნარკოდანაშულისთვის სასჯელის გამკაცრებას ითხოვს. ხოლო მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ ხისტი ზომები არ მუშაობს და დროა, ბაზრის ლეგალიზაცია მოხდეს.