„პოლიტიკო“ - კურტ ვოლკერს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ
გავლენიანი ამერიკული გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილ სპეციალურ წარმომადგენელს უკრაინაში, კურტ ვოლკერს, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ.
როგორც გამოცემა წერს, ვოკლერი სავარაუდოდ ამერიკული იარაღის მწარმოებელი კომპანია „რეითეონის“ ინტერესებს ლობირებდა. კერძოდ, საუბარია უკრაინისთვის ლეტალური იარაღისა და ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა „ჯაველინების“ მიყიდვაზე. როგორც „პოლიტიკო“ წერს, ეს კონტრაქტი ვოლკერის უშუალო მონაწილეობით გაფორმდა.
ვოკლერი აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენლად უკრაინაში აშშ-ის ექს-სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა 2017 წლის 7 ივლისს დანიშნა. „პოლიტიკოს“ ცნობით, ვოლკერი ამ თანამდებობას სხვა საქმიანობასაც უთავსებდა. კერძოდ, ის იყო „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანალიტიკური ცენტრის დირექტორიც. მანამდე ვოლკერი ასევე იყო ლობისტური კომპანია „ბი-ჯი-არ გრუფის“ დირექტორი საერთაშორისო საკითხებში. სწორედ ამ კომპანიის მომსახურებით სარგებლობდა წლების განმავლობაში იარაღის მწარმოებელი კომპანია „რეითეონი“. ამავე დროს იგივე კომპანია რიცხავდა შემოწირულობებს „მაკკეინის ინსტიტუტშიც“.
კურტ ვოლკერმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა 27 სექტემებრეს დატოვა. ამერიკული მედია წერს, რომ ვოლკერი სამსახურიდან მაშინ წავიდა, როდესაც ანონიმურმა წყარომ დონალდ ტრამპის და უკრაინის ლიდერ ვლადიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შესახებ საჩივარი დაწერა.
„პოლიტიკოს“ ცნობით, ამ საჩივარში ვოლკერის გვარიც ფიგურირებდა. გამოცემა წერს, რომ დიპლომატი ტრამპისა და ზელენსკის საუბრის შემდეგ ჩავიდა უკრაინაში. როგორც ანონიმური მომჩივანი იუწყება, კიევში ვოლკერი და ასევე ევროკავშირში აშშ-ის ელჩი გორდონ სონდლანდი უკრაინაში ზელენსკის და სხვა უკრაინელ მაღალჩინოსნებს შეხვდნენ. საუბრის თემა უკრაინაში ტრამპის პირადი ადვოკატის, რუდი ჯულიანის ვიზიტი იყო.
როგორც მოგვიანებით ზელენსკისა და ტრამპის სატალეფონო საუბრის სტენოგრამიდან გაირკვა, აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგას ჯო ბაიდენისა და მისი შვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას სთხოვა და მოუწოდა ზელენსკის, რომ ამ საქმეში მისი ადვოკატი – რუდი ჯულიანიც ჩართულიყო.