„პოლიტიკო“ - ჯო ბაიდენმა დემოკრატ გუბერნატორებს აცნობა, რომ ტელედებატების შემდეგ სამედიცინო შემოწმება გაიარა და თავს კარგად გრძნობს
აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გუშინ დახურულ კარს მიღმა 20-ზე მეტ დემოკრატ გუბერნატორთან შეხვედრა გამართა და აცნობა, რომ გასულ კვირას გამართული ტელედებატების შემდეგ სამედიცინო შემოწმება გაიარა და თავს კარგად გრძნობს.
ამის შესახებ „პოლიტიკო“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გავრცელებული ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, შეშფოთება გამოითქვა პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და მის პოლიტიკურ სიცოცხლიუნარიანობასთან დაკავშირებით, რა დროსაც ერთ-ერთმა გუბერნატორმა ბაიდენს მისი ფიზიკური ჯანმრთელობის შესახებ ჰკითხა.
საპასუხოდ, პრეზიდენტმა ხეზე დაკაკუნებით აღნიშნა, რომ ჯანმრთელად არის.
„პოლიტიკოსთან“ საუბარში ერთ-ერთი ანონიმური წყარო აღნიშნავს, რომ ბაიდენმა შემოწმება თეთრი სახლის თერაპევტთან გაიარა, თუმცა გაციების სიმპტომების გამო კვლევა სერიოზულ ანალიზებსა და ტესტებს არ მოიცავდა.
მანამდე რამდენიმე საათით ადრე თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა თავი აარიდა ჟურნალისტების პირდაპირ კითხვას, გაიარა თუ არა სამედიცინო შემოწმება ჯო ბაიდენმა დებატების შემდეგ.
ნიუ მექსიკოსა და მაინის გუბერნატორები შეშფოთებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, შეძლებს თუ არა თეთრი სახლის ამჟამინდელი ხელმძღვანელი დემოკრატიულად განწყობილი შტატების ამომრჩეველთა ხმების შენარჩუნებას.
გუბერნატორებთან შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე ბაიდენი „ზუმით“ დემოკრატიული პარტიის წინასაარჩევნო შტაბის წევრებს ესაუბრა და დაარწმუნა, რომ საპრეზიდენტო რბოლიდან „არავინ გამოაგდებს“.
„პოლიტიკო“ წერს, რომ პრეზიდენტმა, ასევე, სატელეფონო საუბარი გამართა კონგრესის მაღალჩინოსნებთან. ანონიმური წყაროს ცნობით, გუბერნატორებმა მოუწოდეს პრეზიდენტს, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მეტი ყურადღება დაუთმოს ეკონომიკურ საკითხებს, ვიდრე საგარეო პოლიტიკას.
კიდევ ერთი ანონიმური წყარო ამბობს, რომ შეხვედრა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა გაერთიანებისკენ მოწოდებით დაასრულა.