„პოლიტიკო“ - ჯო ბაიდენი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეებად ვიქტორია ნულანდისა და ვენდი შერმანის დანიშვნას აპირებს
ამერიკული გამოცემა „პოლიტიკო“ იუწყება, რომ ჯო ბაიდენი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეებად ვიქტორია ნულანდისა და ვენდი შერმანის დანიშვნას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ვენდი შერმანი ბარაკ ობამას ადმინისტრაციის პერიოდში ასევე მუშაობდა სახელმწიფო დეპარტამენტში და ის აქტიურად მონაწილეობდა ირანთან „ბირთვულ შეთანხმებაზე“ მუშაობის პროცესში.
ობამას ადმინისტრაციაში ასევე მუშაობდა ვიქტორია ნულანდიც. კერძოდ ის გახლდათ სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში. როგორც „პოლიტიკო“ იუწყება ამჯერად ნულანდი სახელმწიფო მდივნის მოადგილედ არის წარდგენილი, თუმცა პოლიტიკურ საკითხებში.
პოლიტიკოს ცნობით, „ვიქტორია ნულანდიც და ვენდი შერმანიც მწვავედ აკრიტიკებდნენ დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკას, განსაკუთრებით კი მის ლმობიერ მიდგომას რუსეთის მიმართ.“
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ენტონი ბლინკენი წარადგინა.
ჯო ბაიდენის პრეზიდენტად ინაუგურაცია 20 იანვარს უნდა გაიმართოს.