„პოლიტიკო“ - ჯეი დი ვენსი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ოლაფ შოლცს არ შეხვდება, რასაც ბერლინში გერმანიის მიმართ უპატივცემულობა უწოდეს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს არ შეხვდება, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
„პოლიტიკოსთან“ საუბარში გერმანელმა ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ორი ლიდერი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შეხვედრას არ გამართავს, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ვენსმა და შოლცმა უკვე გამართეს შეხვედრა პარიზში, ხელოვნური ინტელექტის სამიტზე. ამასთან, როგორც გამოცემა წერს, ვენსი მიუნხენში, სავარაუდოდ, ფრიდრიხ მერცს შეხვდება.
„ეს გერმანიის მიმართ უპატივცემულობაა. შოლცი არ მომწონს, მაგრამ ის მაინც ჩვენი კანცლერია. თუმცა ეს ყველაფერი ლოგიკურია. ტრამპის ადმინისტრაციას არ აინტერესებს თავისი მოკავშირეები“, – განაცხადა „პოლიტიკოსთან“ გერმანელმა ოფიციალურმა პირმა, რომელიც შოლცის პარტიის წევრი არ არის.
ამასთან, როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი შეხვდება გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს.
„ეს მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ ტრამპის გუნდი გერმანიას არ აღიქვამს სერიოზულ მოთამაშედ ევროპაში“, – განაცხადა ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა. როგორც „პოლიტიკო“ წერს, აღნიშნულის შესახებ კითხვით ვენსის გუნდს მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია.