„პოლიტიკო“ - ჯაშუშობის საფრთხის გამო ნიდერლანდების მთავრობის სხდომებზე სმარტფონების შეტანა აიკრძალა
ჯაშუშობის საფრთხის გამო ნიდერლანდების მთავრობის სხდომებზე სმარტფონების შეტანა აიკრძალა.
როგორც „პოლიტიკო“ იუწყება, ნიდერლანდების ახალი მთავრობის წევრებს ოფიციალური შეხვედრებისას ტელეფონების, სმარტსაათების ან პლანშეტების გამოყენება აღარ შეეძლებათ. ახალი წესის მიხედვით, ეს მოწყობილობები დროებით სპეციალურ სეიფში უნდა განთავსდეს.
„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, ახალი რეგულაციის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დიკ სხოფმა განაცხადა.
„ჯაშუშობის საფრთხე ყოველთვის არსებობს. ელექტრონული მოწყობილობები, სმარტფონები, აიპადები – ეს ყველაფერი მიკროფონებია“, – განაცხადა სხოფმა.
მისი თქმით, უცხო ქვეყნები დაინტერესებულნი არიან, რომ მეტი გაიგონ ნიდერლანდების შიდა საქმეების შესახებ და მთავრობას სურს, ეს თავიდან აიცილოს.
პრემიერ-მინისტრმა ასევე თქვა, რომ სხდომებზე დაშვებულია შესვენების გამოცხადება, რათა მინისტრებმა ტელეფონები გადაამოწმონ.
ცნობისთვის, ნიდერლანდების წინა მთავრობაში სმარტფონები აკრძალული იყო მხოლოდ მაშინ, როდესაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კონკრეტული თემები განიხილებოდა.
აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდების ახალი პრემიერ-მინისტრი დიკ სხოფი ამ თანამდებობის დაკავებამდე იუსტიციისა და უსაფრთხოების სამინისტროს უფროსი თანამშრომლის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2018-2020 წლებში ის ქვეყნის სპეცსამსახურებს ხელმძღვანელობდა.