„პოლიტიკო“ - გრანადის სამიტის დეკლარაციის პროექტის მიხედვით, ევროკავშირი აპირებს, გააძლიეროს თავდაცვის შესაძლებლობები, რათა დაუპირისპირდეს რუსეთს საფრთხის შემცველი გლობალური გარემოს ფონზე
ევროკავშირის გაფართოება გააძლიერებს ევროპის სუვერენიტეტს და არის გეოსტრატეგიული ინვესტიცია ჩვენს კონტინენტზე მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის, – მედიის ცნობით, ამის შესახებ აღნიშნულია გრანადის სამიტის დეკლარაციის პროექტში.
ევროპის ლიდერთა შეხვედრა 5 ოქტომბერს სწორედ ესპანეთში გაიმართება, რომელიც კონტინენტის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს.
დასავლური მედია წერს, რომ ე.წ. გრანადის დეკლარაცია მიზნად ისახავს, მომავალი ევროკომისიისთვის მოამზადოს პოლიტიკური მიმართულება, რომელიც ეხება სხვადასხვა საკითხს, როგორებიცაა კონკურენტუნარიანობა, მიგრაცია და გაფართოება.
დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირიც და მომავალი წევრი ქვეყნებიც მზად უნდა იყვნენ და „კავშირმა უნდა განახორციელოს აუცილებელი შიდა სამუშაოები“ გაფართოების კუთხით.
დეკლარაციის პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი აპირებს, გააძლიეროს თავისი თავდაცვის შესაძლებლობები, რათა დაუპირისპირდეს რუსეთს საფრთხის შემცველი გლობალური გარემოს ფონზე.