„პოლიტიკო“ - ევროკავშირი უკრაინის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების შესახებ ვალდებულებას ამ სამიტზე არ აიღებს
გამოცემა „პოლიტიკო“ კიევში, 3-4 თებერვალს დაგეგმილ ევროკავშირი-უკრაინის სამიტის მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს.
როგორც გამოცემა იუწყება, გაეცნენ სამიტის კომუნიკეს პირველად ვერსიას, სადაც აღნიშნულია, რომ „ევროკავშირი შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც სრულად დაკმაყოფილდება კომისიის მოსაზრებაში გამოთქმული ყველა მითითებული პირობა “. გამოცემის ცნობით, განცხადების პროექტში ასევე ნათქვამია, რომ „უკრაინამ ხაზგასმით აღნიშნა თავისი გადაწყვეტილება, დააკმაყოფილოს აუცილებელი მოთხოვნები, რათა რაც შეიძლება მალე დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები“. როგორც „პოლიტიკო“ ევროკავშირის რამდენიმე დიპლომატსა და მაღლჩინოსანზე დაყრდნობით წერს, ეს ფორმულირება მოჰყვა სერიოზულ დაპირისპირებას ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან ევროკავშირის წევრობის პერსპექტივასთან დაკავშირებით უკრაინისთვის ზედმეტი დაპირების გაცემაზე.
გამოცემის ინფორმაციით, ამ თემის განხილვა კიევმა სამიტზე მოითხოვა. როგორც „პოლიტიკო“ წერს, იყოფა ევროკავშირის ქვეყნების შეხედულებები იმასთან დაკავშირებით, რამდენად სწრაფად უნდა შეეცადოს ბლოკი უკრაინის გაწევრიანების პროცესის გატარებას.
„არსებობდა მკაფიო დაძაბულობა პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებს და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ევროკავშირის გაწევრიანების ენასთან დაკვაშირებით“, – ციტირებს „პოლიტიკო“ ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, რომელიც დასძენს, რომ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელსა და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის დაძაბულობა ასევე გარკვეულ როლს თამაშობს დებატებში. „ისინი ეჯიბრებიან, რომელი აჯობებს ერთმანეთს უკრაინელებთან მიმართებაში“, – აღნიშნავს მაღალჩინოსანი.
აქვე, „პოლიტიკო“ აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების დაწყება მოსალოდნელი არ არის, საკმაოდ მტკიცეა ბრიუსელის სურვილი, სხვა საკითხებში აჩვენოს სოლიდარობა უკრაინას.
„თავად ფაქტი, რომ სამიტს ვატარებთ ქვეყანაში, რომელიც ომშია, თავისთავად მნიშვნელოვანია“, – აცხადებს მაღალჩინოსანი.
როგორც მაღალჩინოსნები აანონსებენ, მოსალოდნელია პროგრესი ინდუსტრიული პროდუქციისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმზე, კიდევ ერთი წლით დამატებითი გადასახადების შეჩერება უკრაინულ ექსპორტზე, მოძრაობა უკრაინის მისაერთებლად ევროკავშირის საგადასახადო სქემაზე, რომელიც გაამარტივებს საბანკო გადარიცხვებს ევროში და უკრაინის ინტეგრაცია ევროკავშირის უფასო მობილურ როუმინგის ზონაზე. ასევე, გამოცემა წერს, რომ, როგორც მოსალოდნელია, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წარადგენს 10-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას და ევროკავშირი გამოაცხადებს 25 მილიონი ევროს ოდენობით ჰუმანიტარული დახმარების პაკეტს.
„პოლიტიკოს“ ცნობით, კომუნიკეში ასევე აღნიშნული იქნება სასამართლო რეფორმის ყოვლისმომცველი და თანმიმდევრული განხორციელების აუცილებლობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად. კერძოდ, უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმის აუცილებლობა.