„პოლიტიკო“ - ევროპარლამენტის მაღალი რანგის წევრებმა დაბლოკეს „ფაიზერთან“ მოლაპარაკებებში ურსულა ფონ დერ ლაიენის პირად როლზე საჯარო მოსმენა
„პოლიტიკო“ - ევროპარლამენტის მაღალი რანგის წევრებმა დაბლოკეს „ფაიზერთან“ მოლაპარაკებებში ურსულა ფონ დერ ლაიენის პირად როლზე საჯარო მოსმენა

ევროპარლამენტის მაღალი რანგის წევრებმა დაბლოკეს კომპანია „ფაიზერთან“ მრავალი მილიარდის ევროს ღირებულების შეთანხმებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის პირადი როლის შესახებ საჯარო მოსმენა. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ წერს.

მდიასაშუალების ცნობით, „ფაიზერთან“ მოლაპარაკებებში ურსულა ფონ დერ ლაიენის მონაწილეობასთან დაკავშირებით გამჭვირვალობის პრობლემის განხილვა დახურულ კარს მიღმა მოხდება.

გასულ თვეს ევროპარლამენტში „კოვიდ-19“-ის საკითხზე მომუშავე სპეციალური კომიტეტის წევრები გამოვიდნენ ინიციატივით, მიეწვიათ ურსულა ფონ დერ ლაიენი, რათა მას ეპასუხა შეკითხვებზე ვაქცინებთან დაკავშირებულ ევროკავშირის უმსხვილეს კონტრაქტთან დაკავშირებით.

გავრცელებული ცნობებით, კონტარქტის გაფორმებამდე ევროკომისიის ხელმძღვანელს ტექსტური მიმოწერა ჰქონდა „ფაიზერის“ აღმასრულებელ დირექტორთან, ალბერტ ბურლასთან, თუმცა, როგორც „პოლიტიკო“ წერს, გასულ კვირას დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები და პრეზიდენტი მონაწილეობდნენ, ევროპარლამენტის ლიდერებმა უარი თქვეს „ფაიზერთან“ კონტრაქტთან დაკავშირებით საჯარო მოსმენის გამართვაზე.

ამის ნაცვლად, მათ გადაწყვიტეს, სთხოვონ ურსულა ფონ დერ ლაიენს, უპასუხოს მათ შეკითხვებს მომავალში. ევროპარლამენტის დეპუტატმა, კოვიდის საკითხებზე მომუშავე კომიტეტის წევრმა რობერტ როოსმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდა.

„ფონ დერ ლაიენი აწარმოებდა მოლაპარაკებებს მრავალმილიარდიანი გარიგების გასაფორმებლად ევროკავშირის გადამხედელების ხარჯზე. როგორც ევროპარლანეტს, ჩვენ უნდა შეგვეძლოს მისი ანგარიშვალდებულების საკითხის დაყენება. ფარული შეხვედრა დახურულ კარს მიღმა პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეებთან არ წარმოადგენს ანგარიშვალდებულებას“, – განაცხადა რობერტ როოსმა.

2021 წლის აპრილში „ფაიზერთან“ გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებდა კორონავირუსის საწინააღმდეგო 900 მილიონი დოზა ვაქცინის მიწოდებას და საჭიროების შემთხვევაში, კიდევ 900 მილიონი დოზის შეძენის შესაძლებლობას.

კონტრაქტის სრულად შესრულების შემთხვევაში, მისი ღირებულება 35 მილიარდ ევროს შეადგენდა. აღნიშნული ვაქცინის მილიონობით დოზა ამჟამად გამოუყენებელ საწყობებში ინახება. გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობით, მომლაპარაკებლები ამჟამად წარუმატებლად ცდილობენ, „ფაიზერი“ დაითანხმონ, გააუქმოს ან შეაჩეროს ვაქცინების მიწოდება.

გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსი“ წერდა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტს პირადად ჰქონდა მიმოწერა „ფაზიერის“ აღმასრულებელ დირექტორ, ალბერტ ბურლასთან კონტრაქტის გასაფორმებლად. ამერიკული გამოცემა აღნიშნული შეტყობინებების გასაჯაროების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ოქტმბერში ევროპის პროკურორის ოფისმა განაცხადა, რომ ოფიციალურად შეისწავლის ვაქცინების შესახებ შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს.