მედიის ცნობით, ევროკომისია უნგრეთისთვის დაახლოებით 13 მილიარდი ევროს განბლოკვას განიხილავს, რათა თავიდან აიცილოს უნგრეთის ვეტო უკრაინის დახმარებაზე
ევროკომისია უნგრეთისთვის დაახლოებით 13 მილიარდი ევროს განბლოკვას განიხილავს, რათა თავიდან აიცილოს ვეტო უკრაინის დახმარებაზე. ინფორმაციას ამერიკული გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.
ევროკომისიას სჭირდება ევროკავშირის 27 ქვეყნის ერთსულოვანი მხარდაჭერა ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტის განახლებისთვის, რომელიც მოიცავს 50 მილიარდ ევროს უკრაინის დაფინანსებისთვის.
როგორც გამოცემა წერს, უკრაინისათვის ევროკავშირის ამჟამინდელი დახმარება დეკემბერში იწურება. შეთანხმება მით უფრო აქტუალურია იმის ფონზე, რომ აშშ-მა დროებით შეაჩერა უკრაინის დაფინანსება.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უკვე განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს არ დაუჭერს უკრაინის შემდგომ დაფინანსებას, ვიდრე უკრაინაში ეთნიკური უნგრელების ენობრივი უფლებები არ აღდგება.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, ევროკომისია იმედოვნებს, რომ უნგრეთისთვის ევროკავშირის სახსრების დიდი ნაწილის განბლოკვა, რომელიც გაყინული იყო გასული წლის ბოლოდან ქვეყნის დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისობასთან დაკავშირებით, დაარწმუნებს ორბანს, არ დაადოს ვეტო უკრაინისათვის დახმარებას.