„პოლიტიკო“ - ევროკავშირში კარანტინი კოორდინირებულად უნდა მოიხსნას, წინააღმდეგ შემთხევაში მოსალოდნელია პოლიტიკური უთანხმოება
„პოლიტიკო“ - ევროკავშირში კარანტინი კოორდინირებულად უნდა მოიხსნას, წინააღმდეგ შემთხევაში მოსალოდნელია პოლიტიკური უთანხმოება

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირში კარანტინის რეჟიმის მოსახსნელად კოორდინირებული სტრატეგიაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში წევრ სახელმწიფოებს შორის მოსალოდნელია პოლიტიკური უთანხმოება. ამის შესახებ საუბარია ევროკომისიის მიერ შედგენილ სამუშაო დოკუმენტში, რომელიც გამოცემა „პოლიტიკომ“ გაასაჯაროვა.

„პოლიტიკოს“ ცნობით, ერთობლივი სამოქმედო გეგმის წარდგენას ევროკომისიის პრეზიდენტი 15 აპრილს აპირებს.

ამასთან ევროკომისიაში განმარტავენ, რომ კარანტინის რეჟიმის მოხსნის სტრატეგიის წარდგენა არ ნიშნავს, რომ „მკაცრი შეზღუდვები ახლავე უნდა მოიხსნას“.

„საჭიროა მეტი დრო, რათა მკაცრ ზომებს შედეგი მოჰყვეს. ჩვენ ვირუსთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს, ვიდრე ვაქცინა ან წამალი არ იქნება მზად“, – ნათქვამია ევროკომისიის მიერ შედგენილ დოკუმენტში.

ევროკომისიის სამოქმედო დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კარანტინის რეჟიმის შემსუბუქების წინაპირობა უნდა იყოს ინფიცირებულთა რიცხვის მნიშვნელოვანი კლება და ეს ტენდენცია მდგრადი უნდა იყოს. ამასთან, აუცილებელია ქვეყანას ჰქონდეს საჭირო რაოდენობით სამედიცინო აღჭურვილობა, თავისუფალი ადგილები ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში და მოქალაქეთა ტესტირების შესაძლებლობა.

ევროკომისია ასევე გეგმავს ინფიცირებულთა და მათთან კონტაქტში მყოფი პირების გადაადგილების გასაკონტროლებლად მობილური აპლიკაციების გამოყენებას.