„პოლიტიკო“ - ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე ვერ შეთანხმდნენ, სანქციების პაკეტს საბერძნეთი და უნგრეთი ბლოკავენ
ევროკავშირის ელჩები 8 ივნისს გამართულ შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე ვერ შეთანხმდნენ და მოლაპარაკებებს მომავალ კვირას გააგრძელებენ. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ოთხ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სანქციების პაკეტს ბლოკავენ საბერძნეთი და უნგრეთი, რომლებიც ეწინააღმდეგებიან იმას, რომ უკრაინამ ზოგიერთი მათი კომპანია „ომის სპონსორთა“ სიაში შეიყვანა.
სანქციების მე-11 პაკეტზე თანხმობის სანაცვლოდ, ათენი და ბუდაპეშტი მათი კომპანიების ამ სიიდან ამოღებას ითხოვენ. ამას გარდა, ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, კერძოდ, გერმანია და საფრანგეთი შეშფოთებული არიან სანქციების გვერდის ავლის აკრძალვით, რადგან ისინი შიშობენ, რომ ამან, შესაძლოა, დიპლომატიური ურთიერთობები დააზარალოს.
ევროკომისიამ უკვე შეამსუბუქა თავისი თავდაპირველი ინიციატივა და როგორც „პოლიტიკოს“ ერთ-ერთმა დიპლომატმა განუცხადა, ეს საკითხი მოგვარებადი ჩანს.
ევროკომისიამ მე-11 პაკეტის ახალი ვერსია ოთხშაბათს, ელჩების შეხვედრის წინ წარადგინა, თუმცა, ამის მიუხედავად, შეთანხმება ვერ შედგა. აღნიშნულ ინიციატივას ელჩები მომავალ შეხვედრაზე, 14 ივნისს განიხილავენ.
„პოლიტიკოსთან“ საუბარში ერთ-ერთმა დიპლომატმა განაცხადა, რომ შეთანხმებას უახლოვდებიან. ამასთან, მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების დამტკიცების საბოლოო ვადა, შესაძლოა, ივნისის ბოლოს დაგეგმილი ევროკავშირის სამიტი გახდეს. როგორც მაისში კიევში ვიზიტისას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები ორიენტირებული იქნება უკვე მოქმედი შეზღუდვების გვერდის ავლის აღკვეთაზე.