„პოლიტიკო“ - ევროკავშირი უნგრეთის მიერ ორგანიზებული საგარეო საქმეთა მინისტერიალის ბოიკოტს აპირებს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უნგრეთის მიერ ორგანიზებული მინისტერიალისთვის ბოიკოტის გამოცხადებას აპირებენ და აგვისტოში ალტერნატიული შეხვედრის გამართვას გეგმავენ, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
ცნობისთვის, უნგრეთი, რომელიც როტაციის პრინციპით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ჩატარებას 28-29 აგვისტოს ბუდაპეშტში აპირებს.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტებმა მოსკოვსა და პეკინში ევროკავშირის წევრი ქვეყნების უკმაყოფილება გამოიწვია, რის გამოც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ეძებენ გზებს, თუ როგორ აარიდონ თავი „ორბანის პროპაგანდისტულ შოუში“ მონაწილეობას.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ მიზნით ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს ორბანის მიერ ორგანიზებული სამიტის დროს „ფორმალურ“ შეხვედრაზე დაიბარებს.
გავრცელებული ცნობით, ეს გეგმა არაფორმალურად უკვე განიხილეს საფრანგეთსა და გერმანიასთან. ამ კვირაში ბორელი მას ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს გააცნობს.
„პოლიტიკოსთან“ საუბარში ანონიმური წყარო აცხადებს, რომ ორბანის მიერ ორგანიზებული სამიტისთვის ბოიკოტის გამოცხადებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს სურთ, აჩვენონ, რომ „უნგრეთი არ საუბრობს ევროკავშირის სახელით“.