„პოლიტიკო“ - ენტონი ბლინკენი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანი უახლოეს კვირებში სომხეთში შეიჭრას, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი კი აცხადებს, რომ აზერბაიჯანს სომხეთის ტერიტორიაზე პრეტენზია არ აქვს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გასულ კვირას კანონმდებელთა მცირე ჯგუფს განუცხადა, რომ დეპარტამენტი თვალს ადევნებს აზერბაიჯანის სომხეთში შეჭრის შესაძლებლობას. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კანონმდებლებსა და ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი 3 ოქტომბერს შედგა, რა დროსაც მათ ბლინკენისგან აზერბაიჯანის ხელისუფლების წინააღმდეგ შესაძლო ზომების შესახებ პოზიცია მოსთხოვეს. თავის მხრივ, სახელმწიფო მდივანმა უპასუხა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ეძებს გზებს, რათა აზერბაიჯანს პასუხისმგებლობა დააკისროს და არ აპირებს განაახლოს შეთანხმება, რომელიც აშშ-ის ბაქოსთვის სამხედრო დახმარების გაწევის შესაძლებლობას აძლევს.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, ენტონი ბლინკენის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს იმის შესაძლებლობას, რომ აზერბაიჯანი სამხრეთ სომხეთში უახლოეს კვირებში შეიჭრას.
ამასთან, ბლინკენმა ნდობა გამოუცადა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე დიპლომატიურ მოლაპარაკებებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა კანონმდებლებსა და ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბართან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს სომხეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და კონფლიქტის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით დარეგულირებას.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჰიქმეთ ჰაჯიევმა უარყო, რომ აზერბაიჯანს სომხეთის ტერიტორიაზე რამე პრეტენზია აქვს. მან აღნიშნა, რომ კონფლიქტის რისკი დაბალია, რადგან მისი თქმით, ბოლო ორი კვირა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ისტორიაში ყველაზე მშვიდი იყო. ჰაჯიევის განცხადებით, აზერბაიჯანმა აღადგინა ის, რაც სამართლებრივად, ისტორიულად და მორალურად მისი იყო და არ აპირეს დე იურე სომხურ ტერიტორიაზე შეჭრას.