„პოლიტიკო“ - დონალდ ტრამპი ნატო-ში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების შეყვანის ინიციატივით გამოვიდა
ამერიკული გამოცემა „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატო-ში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების შეყვანის ინიციატივით გამოვიდა.
როგორც ამერიკული გამოცემა წერს, თეთრ სახლში, ღონისძიებაზე ტრამპმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან გამართულ სატელეფონო საუბარზე განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ სტოლტენბერგი მისი შეთავაზებით „აღფრთოვანებული დარჩა“.
„ჩემი აზრით, ნატო უნდა გაფართოვდეს და ჩვენ ალიანსში უნდა შევიყვანოთ ახლო აღმოსავლეთი“, – განაცხადა ტრამპმა რეპორტიორებთან საუბრისას.
„ამას შეიძლება ვუწოდოთ ნატო პლუს ახლო აღმოსავლეთი (NATO+ME). ძალიან ლამაზი სახელია. სახელების შერჩევა კარგად გამომდის“, – უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, „ახლო აღმოსავლეთში არსებობს საერთაშორისო პრობლემა და ამიტომ აშშ-სგან ეს საქმე ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უნდა გადაიბაროს“.
„ჩვენ შეგვიძლია, დავბრუნდეთ სახლში და გამოვიყენოთ ნატო. მე ვთქვი, რომ ახლო აღმოსავლეთში ნატო-ს წარმომადგენლობა უნდა გაიზარდოს და ისინი უნდა დაკავდნენ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლით. ჩვენ მათ დავეხმარებით. ამჟამად, ძირითადი კონტრიბუცია ჩვენია. ეს კი, არასამართლიანია“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
აშშ-ის პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთში ნატო-ს წარმომადგენლობის გაზრდის ინიციატივით თეთრ სახლში 8 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოვიდა. მოგვიანებით, ის ამავე თემაზე ტელეფონით ესაუბრა ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს.
ნატო-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სტოლტენბერგი და ტრამპი შეთანხმდნენ, რომ „ნატო-ს შეუძლია, მეტი წვლილი შეიტანოს რეგიონის სტაბილურობაში და ტერორიზმთან ბრძოლაში“.