„პოლიტიკო“ - „დაგმობის საკითხებში“ ევროკომისარი ჯოზეფ ბორელი თანამდებობიდან წასვლისთვის ემზადება
ევროკავშირის ყველაზე უაზრო სამუშაო – „დაგმობის საკითხებში“ ევროკომისარი, უფრო სწორად საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი თანამდებობიდან წასვლისთვის ემზადება, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ ჯოზეფ ბორელის შესახებ სტატიას აქვეყნებს.
სტატიაში შეჯამებულია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მიერ გასულ წელს გაკეთებული განცხადებები და ამ განცხადებების შედეგები.
„პოლიტიკოს“ თანახმად, ვინაიდან უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ემზადება ესტონეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, კაია კალასს გადასცეს თანამდებობა, მათ გადახედეს გასული წლის განმავლობაში ბორელის მრავალრიცხოვან განცხადებებს, რომელიც სხვადასხვა გლობალურ პოლიტიკურ აღმაშფოთებელ მოვლენებს გმობდა.
„მაგრამ რეალურად, მიაღწია რამეს ბორელის ხშირმა აღშფოთებულმა გზავნილებმა, რომელთაგან ბევრი შეგროვდა X-ის ერთ-ერთ გვერდზე შესაბამისი სათაურით – „შეშფოთებულია თუ არა ევროკავშირი?“ – აღნიშნულია სტატიაში. გამოცემა მკითხველს სთავაზობს, თავად განსაჯოს ეს და სტატიაში ბორელის ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაკეთებულ რამდენიმე განცხადებას აქვეყნებს.
პირველ მაგალითად მოყვანილია 2024 წლის პირველ ოქტომბერს ირანის მიერ ისრაელზე ბალისტიკური სარაკეტო თავდასხმა, რომელთან დაკავშირებითაც ბორელმა განაცხადა: „ევროკავშირი უმკაცრესად გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე. ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას ისრაელის უსაფრთხოების მიმართ. თავდასხმების ეს ციკლი უკონტროლო რეგიონულ ესკალაციის საფრთხეს ქმნის. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება“.
„შეცვალა რამე ევროკავშირის დაგმობამ? – არა. თავდასხმის შემდგომვე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ირანი „გადაიხდის“ და ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა გააფრთხილა, რომ თეირანს ექნება უფრო მტკიცე პასუხი, თუ ისრაელი რეაგირებას მოახდენს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
სტატიაში სხვა მაგალითებთან ერთად ასევე მოყვანილია საქართველოსა და სხვა რამდენიმე ქვეყანაში LGBTQ+ პირთა უფლებების საკითხი.
„2024 წლის 17 მაისი: „ჰომოფობიას, ბიფობიას და ტრანსფობიას ადგილი არ უნდა ჰქონდეს მსოფლიოში. მიუხედავად ამისა, LGBTI პირები ძალადობისა და სტიგმატიზაციის სამიზნე არიან: ჩვენ ამას ვგმობთ. ევროკავშირი მუშაობს ინკლუზიურ პოლიტიკაზე, რათა ააშენოს სამყარო, რომელშიც ყველა ადამიანს შეუძლია თავისუფალი და თანასწორი ცხოვრება“, – დაწერა ბორელმა ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს.
„შეცვალა რამე ევროკავშირის დაგმობამ? არა. აგვისტოში ბულგარეთმა შეცვალა განათლების კოდექსი, რათა აეკრძალა LGBTQ+ „იდეები და შეხედულებები“ სკოლებში, რაც ეხმიანება რუსეთსა და უნგრეთში შემოღებულ მსგავს კანონებს. საქართველომ, ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, ასევე შეზღუდა LGBTQ+ უფლებები“, – აღნიშნულია „პოლიტიკოს“ სტატიაში.