„პოლიტიკო“ - ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე სამჯერ თქვა უარი, რადგან ჩათვალა, რომ შეთავაზებული შეზღუდვები სათანადოდ მკაცრი არ იყო
„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, აშშ-ის უშიშროების საბჭოს წევრებმა ბაიდენს სამჯერ წარუდგინეს რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებული სანქციების პაკეტი, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა მათ განხილვაზე უარი თქვა, რადგან მისი მოსაზრებით, სანქციები სათანადოდ მკაცრი არ იყო.
როგორც გამოცემა წერს, ბაიდენის ადმინისტრაციაში არიან ადამიანები, რომლებიც რუსეთის მიმართ უფრო ხისტი პოლიტიკის გატარების მომხრეა. ასეთად გამოცემა ასახელებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდს და თავად სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკესაც. თუმცა, ჟურნალისტების ცნობით, ბაიდენის გარემოცვის წევრების ნაწილი კრემლის მიმართ უფრო ფრთხილ მოპყრობას უჭერს მხარს. მათ შორის არის ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი, მისი მოადგილე ჯონ ფინერი და კლიმატის საკითხებში ბაიდენის დესპანი ჯონ კერი. ისინი მიიჩნევენ, რომ ვაშინგტონმა უნდა იმუშაოს მოსკოვთან ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილებები და ბირთვული შეიარაღების კონტროლი.
თუმცა, როგორც „პოლიტიკოსთან“ საუბარში ანალიტიკოსები აცხადებენ, უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო შენაერთების გააქტიურების შემდეგ შესაძლოა, ბაიდენის ადმინისტრაციაში რუსეთისადმი უფრო მკაცრი ზომების გატარებას მიემხრონ.