„პოლიტიკო“ - აშშ-ში შიშობენ, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის, შესაძლოა, სრულმასშტაბიანი ომი დაიწყოს
გამოცემა „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, ამერიკელი ოფიციალური პირები ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის საბრძოლო მოქმედებების შემდგომ ესკალაციას პროგნოზირებენ, რამაც შეიძლება, სრულმასშტაბიანი ომი გამოიწვიოს.
„პოლიტიკოს“ სტატიაში ორი რესპონდენტი აღნიშნავს, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წევრების ნაწილი ფიქრობს, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ დეესკალაციის მიღწევა გაუჭირდებათ, განსაკუთრებით ისრაელის მიერ ბეირუთის გარეუბნის დაბომბვის შემდეგ. სტატიის მიხედვით, ისრაელმა აშშ-ს განუცხადა, რომ აპირებს სამხედრო მოქმედებებით ზეწოლა მოახდინოს „ჰეზბოლაზე“, რათა აიძულოს დაჯგუფება, დათანხმდეს დიპლომატიურ გადაწყვეტილებას, რაც საშუალებას მისცემს ისრაელელებს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, სახლებში დაბრუნდნენ.
ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა „პოლიტიკოს“ განუცხადა, რომ ვაშინგტონში ელოდებიან ბეირუთის შესაძლო დაბომბვების გაგრძელებას და „ჰეზბოლას“ მხრიდან გარკვეული ფორმის შურისძიებას ისრაელის წინააღმდეგ, შესაძლოა, უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმებით.
„პოლიტიკო“ წერს, რომ ისრაელის საბრძოლო მოქმედებების ფარგლებში მოსალოდნელია „ჰეზბოლას“ მეთაურების მკვლელობების გაგრძელება, დაჯგუფების იარაღის საწყობებზე დარტყმები და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე იერიშები.
„პოლიტიკო“ წერს, რომ თეთრ სახლში ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.