„პოლიტიკო“ - აშშ-მა ევროპაში ნატო-ს სამხედრო ბაზებზე განახლებული ბირთვული ავიაბომბების განთავსების პროცესი დააჩქარა
აშშ-მა ევროპაში ნატო-ს სამხედრო ბაზებზე განახლებული ბირთვული ავიაბომბების განთავსების პროცესი დააჩქარა, – ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ აშშ-ის დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, განახლებული „ბი61-12“ გრავიტაციული ავიაბომბის განთავსება თავდაპირველად მომავალი წლის გაზაფხულზე იყო დაგეგმილი, ახლა კი მიმდინარე წლის დეკემბერში იგეგემება.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ძველი შეიარაღების განახლებას აშშ-სა და მოკავშირეების ბომბდამშენებისა და გამანადგურებლების პოტენციური გამოყენების მიზნით.
„ეს ხდება იმ დაძაბულობის ფონზე, როდესაც რუსეთი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება. აშშ-ის პროგრამა მიზნად ისახავს შეცვალოს რამდენიმე ადრინდელი ვერსია, მათ შორის 100-მდე ბომბი, რომლებიც ინახება გერმანიის, იტალიის, ბელგიის, ნიდერლანდების და თურქეთის საჰაერო ბაზებზე“, – წერს „პოლიტიკო“.