„პოლიტიკო“ - აშშ აქტიურად განიხილავს უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდებას
აშშ აქტიურად განიხილავს უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდებას, – ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ორმაგი დანიშნულების გაუმჯობესებული ჩვეულებრივი საბრძოლო მასალის გაგზავნის შესახებ დისკუსია ბოლო დღეებში გააქტიურდა, რადგან უკრაინის მცდელობა, გაარღვიოს რუსეთის ფრონტის ხაზი, შეჩერდა.
გამოცემის ინფორმაციით, ზოგიერთი ამერიკელი მაღალჩინოსანი ფიქრობს, რომ საბრძოლო მასალა შეიძლება იყოს ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც უკრაინის კამპანიას უფრო წარმატებულს გახდის. აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.
კასეტური საბრძოლო მასალის გაშვება შესაძლებელია „მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებიდან“ (HIMARS) და 155 მმ-იანი ჰაუბიცებიდან. „პოლიტიკო“ წერს, რომ საბრძოლო მასალები ფართო ტერიტორიაზე ფანტავს დიდი რაოდენობით ასაფეთქებელ „ბომბებს“, რაც პოტენციურად კლავს მშვიდობიან მოსახლეობას განზრახულ სამიზნეებთან ერთად.
როგორც „პოლიტიკო“ იუწყება, აშშ არ არის კასეტური ბომბის გამოყენების საერთაშორისო აკრძალვის მონაწილე. ესაა კასეტური საბრძოლო მასალის შესახებ 2010 წლის კონვენცია, რომელსაც ხელი მოაწერა 100-ზე მეტმა ქვეყანამ. კონგრესმა შეზღუდა კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის შესაძლებლობა, რადგან ახლავს საფრთხე მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. აშშ-ის პრეზიდენტს ან აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეუძლია, გადალახოს ეს შეზღუდვები, თუ მაღალი სტანდარტი დაკმაყოფილებულია.