„პოლიტიკო“ - აშშ აფრთხილებს ევროპას, სერიოზულად მოეკიდონ ჩინეთის მიერ რუსეთისთვის გაწეულ დახმარებას
აშშ ევროპას აფრთხილებს, სერიოზულად მოეკიდონ ჩინეთის მიერ რუსეთისთვის გაწეულ დახმარებას.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მოადგილემ, კურტ კემპბელმა, რომელსაც ბაიდენის „ინდო-წყნარი ოკეანის მეფის“ სახელით მოიხსენიებენ, ნატო-ში ევროპელ დიპლომატებს გადასცა გაფრთხილება, რომელშიც „მაქსიმალურად დაწვრილებითი და კონკრეტული დეტალებია“ ასახული.
„სამართლიანია თქმა, რომ ჩინეთის მთავარი მიზანი იყო არა მხოლოდ რუსეთის მხარდაჭერა – ჩვენი აზრით, მაქსიმალურად – არამედ მისი მნიშვნელობის საჯაროდ დაკნინება და ევროპასთან ნორმალური დიპლომატიური, კომერციული კავშირების შენარჩუნების მცდელობაც“, – განაცხადა ბრიუსელში ვიზიტით მყოფმა კემპბელმა მედიასაშუალებებთან საუბრისას.
კურტ კემპბელმა ასევე აღნიშნა: „ვფიქრობ, ატლანტიკურ საბჭოში გუშინდელი დისკუსიების დროს აღგვაფრთოვანა იმან, რამდენმა ევროპულმა ქვეყანამ ისაუბრა ნათლად, იმ თვალსაზრისით, რომ შეუძლებელი იქნება ჩინეთთან ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნება, თუ, ამავდროულად, ჩინელები ფარულად ხელს უწყობენ ევროპაში ყველაზე დესტაბილიზაციურ ომს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“.
კურტ კემპბელი ბოლო 18-24 თვის განმავლობაში რუსეთის მიმართ პეკინის დახმარებას „ღრმად შემაშფოთებელს“ უწოდებს.
„მინდა, აღვნიშნო, რომ რასაც ჩვენ ვხედავთ ჩინეთიდან რუსეთში, ეს არ არის ერთჯერადი შემთხვევა ან რამდენიმე თაღლითური კომპანია, რომლებიც რუსეთის მხარდაჭერით არიან დაკავებული. ეს არის ჩინეთის ხელმძღვანელობის მიერ მხარდაჭერილი მდგრადი, ყოვლისმომცველი ძალისხმევა, რომელიც მოწოდებულია, უზრუნველყოს რუსეთის კულისებს მიღმა მხარდაჭერა, რაც მათ საშუალებას მისცემს, აღადგინონ თავიანთი სამხედრო ძალის ელემენტები, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, უპილოტო საფრენი აპარატები, მათი ზოგიერთი შესაძლებლობები ბრძოლის ველზე გადაადგილების თვალყურის დევნებისთვის, შორი დისტანციის არტილერია და ა.შ. ეს არის ძალისხმევა, რომლის მიზანია, დარჩეს შეუმჩნეველი“, – განაცხადა კემპბელმა.