პოლიციის რეფორმის შესახებ განკარგულების ხელმოწერამდე დონალდ ტრამპი პოლიციისა და რასიზმით მოტივირებული ძალადობის მსხვერპლთა ოჯახებს შეხვდა
პოლიციის რეფორმის შესახებ განკარგულების ხელმოწერამდე დონალდ ტრამპი პოლიციისა და რასიზმით მოტივირებული ძალადობის მსხვერპლთა ოჯახებს შეხვდა

პოლიციის რეფორმის შესახებ აღმასრულებელი განკარგულების ხელმოწერამდე დონალდ ტრამპი პოლიციისა და რასიზმით მოტივირებული ძალადობის მსხვერპლთა ოჯახებს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლის ადმინისტრაცია ადასტურებს.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეილი მაკენანიმ განაცხადა, შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური.

„პრეზიდენტისთვის ეს იყო შესაძლებლობა, პირადად მოესმინა ამ ოჯახებისგან მტკივნეული, ტრაგიკული და ღრმად პირადული ისტორიები“, – აღნიშნა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

„იყო ბევრი ცრემლის და ბევრი ემოცია, პრეზიდენტი განადგურებული იყო“, – აღნიშნა კეილი მაკენანიმ და განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა აღნიშნული ოჯახების დახმარების სურვილი გამოთქვა.

სიენენის“ ცნობით, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე არ იმყოფებოდა მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალადობის შედეგად გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდის ოჯახი.

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას პოლიციის რეფორმის შესახებ. რეფორმა სამართალდამცველების მხრიდან ძალის გამოყენების წესებს ამკაცრებს. პოლიციას ეკრძალება ე.წ. „მახრჩობელა ილეთის“ გამოყენება. ამას გარდა, რეფორმის თანახმად, სამართალდამცველებს მოამზადებენ, რათა წაახალისონ მათ მიერ კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პრაქტიკის გამოყენება. ამასთან, გამკაცრდება პოლიციაში დასაქმებისას კანდიდატის ბიოგრაფიის შემოწმება.