პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდის ოჯახი გაერო-ს ჩარევისკენ მოუწოდებს
მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდის ოჯახი გაერო-ს ჩარევისკენ მოუწოდებს. როგორც „სიენენი“ იუწყება, გარდაცვლილი აფროამერიკელის ნათესავები მოუწოდებენ გაერთიანებულ ერების ორგანიზაციას, აშშ-ს პოლიციის რეფორმირების რეკომენდაციით მიმართოს.
ამ მოთხოვნით წერილი ოჯახის ადვოკატის სახელით, აფროამერიკელი ხალხის უფლებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის წევრებს გადაეგზავნა. გზავნილში ფლოიდის ახლობლები აშშ-ში პოლიციელების მხრიდან ძალის გამოყენების შედეგად გარდაცვლილი მოქალაქეების საქმეები დამოუკიდებელმა სასამართლო განიხილოს და ყველა ასეთ შემთხვევაში მოხდეს ცხედრის დეტალური ექსპერტიზა.
ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ „აშშ-ში ფერადკანიან მოქალაქეებს სიცოცხლის უფლებებს შელახვა დიდი ხნის პრაქტიკას წარმოადგენს“.
მისივე თქმით, „ის პოლიციის მიერ ძალის გამოყენების შედეგად გარდაცვლილი რამდენიმე მოქალაქის საქმეზე მუშაობდა და ყველა შემთხვევაში ხელისუფლებამ ვერ აგებინა პასუხი სამართალდამცავებს.”
„თუ ადამიანთა ერთი ჯგუფის უნივერსალურ უფლებებს სისტემატურად ლახავს საკუთარი ხელისუფლება და ეს ათწლეულებია გრძელდება, მათ მხარდაჭერისთვის უნდა მიმართონ საერთაშორისო საზოგადოებას“, – ნათქვამია ჯორჯ ფლოიდის ოჯახის ადვოკატის გაერო-ში გაგზავნილ მიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს გარდაიცვალა. მის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი დააკავეს და ის სასამართლოს წინაშე დღეს უნდა წარდგეს.