პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„2017 წლის 24 დეკემბერს, ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან მოქალაქე ზ.რ.-ს მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობით გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით.
ამ დროისთვის ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომელთა შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“,- აღნიშნულია განცხადებაში.
გამოძიება პოეტ ზვიად რატიანის მიერ სამართალდამცავების მიმართ წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
რატიანი სამართალდამცველებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.რატიანი ამბობს, რომ მისი დაკავება ქურთუკის ფერის გამო მოხდა.პოეტის თქმით, მას სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ზვიად რატიანი სამართალდამცველებმა საპოლიციო კონტროლის ფარგლებში შეაჩერეს.
მისივე თქმით, არსებობს ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა, თუმცა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მასალა მძიმე საყურებელია და სურვილის შემთხვევაში უწყება მზადაა რატიანს აღნიშნული მასალა გააცნოს.