13 200 პოლიციელს პირველი ივლისიდან ხელფასი მოემატება, – ამის შესახებ პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ხელფასი 250 ლარით გაიზრდება.
„ჩვენ კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული პოლიციელის სოციალური უზრუნველყოფისა და სოციალური გარანტიების კომპონენტი. ამიტომ დღეს, ამ ახალი ტრიბუნიდან შემიძლია გითხრათ, რომ პირველი ივლისიდან 13 200 პოლიციელს ხელფასი გაეზრდება 250 ლარით. ეს არის მინიმუმი, რაც შეგვეძლო და გავაკეთეთ დღეს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ნაბიჯი, რომელზეც ვსაუბრობთ, დიდწილად არის იმ საბიუჯეტო ეკონომიების ხარჯზე გაკეთებული, რომელსაც მივაღწიეთ 6-7 თვის განმავლობაში. ჩვენ გვესმის, რომ პოლიციელისთვის, რომელიც ზრუნავს სხვა მოქალაქის უსაფრთხოებაზე, 250 ლარი დღევანდელი ხელფასიდან არ არის იდეალური, თუმცა ეს არის ის, რაც დღეს შევძელით. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაგრძელებთ მომავალი წლიდანაც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.