პოლიციამ თელავში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე ძებნილი პირი დააკავა
კახეთის პოლიციამ თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე ძებნილი პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ი.გ. დააკავეს, რომელიც დამამძიმებელ გარემოებაში რამდენიმე პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 მაისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანასოფლელძმებს – 1976 წელს დაბადებულ კ.მ.-ს და 1986 წელს დაბადებულ ბ.მ.-ს, ასევე, მათ დედას – 1954 წელს დაბადებულ ე.მ.-ს და საკუთარ შვილს – 1993 წელს დაბადებულ გ.გ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, კ.მ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რუსთავში დააკავეს. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.