პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული ა.ე., ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლსა და ავტოფარეხში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ორი მჭიდი და 83 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.

უწყების ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.