შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა 1972 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი კ.ბ. და 1971 წელს დაბადებული ა.ქ., ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ისანში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ბრალდებულები მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს, თბილისში, ოცხელების ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში გაქურდვის მიზნით შედიოდნენ, თუმცა განზრახვა ვერ განახორციელეს, რადგან სამართალდამცველებმა ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მათი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია კარის გასაღები ხელსაწყოები – ე.წ. „ატმიჩკები“.
პოლიციამ დაკავებულების საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო, სავარაუდოდ, ნაქურდალი ძვირფასი სამკაულები, დიდი ოდენობით თანხა და კარის საკეტების გასაღები კუსტარული ხელსაწყოები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის მცდელობას გულისხმობს.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177 მუხლის 3 ნაწ. „ა“ და „გ“ ქ/პ-ით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.