პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ს.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ახლად გაცნობილ ქალს – 1986 წელს დაბადებულ შ.ღ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ს.ა. მომხდარიდან მალევე,თბილისში დააკავეს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.